“ქართული ოცნების” პარლამენტმა 4 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA). ეს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული „რუსული კანონის“ გამკაცრებული ვარიანტია.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე "FARA"-ს კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტი აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართებოდა. კანონპროექტში არ იყო ნახსენები საქართველო და გამოყენებული იყო ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ.
კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა და კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ მოხდება აღნიშნული ტერმინების ქართული რეალობის და კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილება.
ცვლილებების შემდეგ, "ოცნების" "FARA"-ს I მოსმენით მიღებული ვერსია ასეთია:
ვის ეხება "ოცნების" FARA და ვინ იქნება “უცხოური პრინციპალის აგენტი”?
არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO), მედიასაშუალებები და კერძო კომპანიები, თუ მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წყაროდან მოდის;
პირები, რომლებიც უცხოური ორგანიზაციების დავალებით ან დაფინანსებით აწარმოებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას (მაგალითად, ლობისტები, მრჩეველები, სარეკლამო აგენტები, ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უცხოური ორგანიზაციების მიერ არიან დასაქმებულნი);
ფიზიკური პირები, თუ ისინი ასრულებენ “უცხოური პრინციპალის” (ანუ უცხო ქვეყნის, უცხოური პოლიტიკური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან სხვა უცხოური სუბიექტის) დავალებებს, მათ ინტერესებში პოლიტიკურად აქტიურობენ ან ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ.
ბიზნესები, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდებიან უცხოური დაფინანსების წყაროებს, მათ შორისაა საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანიები;
პროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან თანხებს, უცხოურ დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში.
სანქცია/ჯარიმები
პირველ მოსმენაზევე გახდა ცნობილი, რომ "ოცნების" FARA-ს რაჟდენ კუპრაშილის ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს.
რაც შეეხება ჯარიმების ნაწილს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ფიზიკური პირისთვის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
ამერიკულ FARA-ში სანქცია 10 000 დოლარი და/ან თავისუფლების აღკვეთაა, რაც საქართველოში 10 000 ლარი და თავისუფლების აღკვეთით ჩანაცვლდა.
კანონის პროექტი
მუხლი პირველი განსაზღვრავს ტერმინებს. მაგალითად, მოცემულია ვინ არის პირი, ვისაც ეს კანონი განსაზღვრავს. კანონი ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე, რის გამოც "ოცნება" მიიჩნევს, რომ FARA-ს მათეული ვერსია ბევრად მსუბუქია ორიგინალზე.
მეორე მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადება, თუ რა განცხადება უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში.
არც ერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და ის დამატებითი დოკუმენტები, რომელსაც "ოცნების" მიღებული ახალი კანონი მოსთხოვს.
მესამე მუხლი განსაზღვრავს გამონაკლისებს, თუ რომელ პირზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება
კანონპროექტი არ ვრცელდება: დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. არ ეხება საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც იღებენ უცხოურ დახმარებას, მაგრამ არ მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში. ასევე, არ ეხება აკადემიურ, სამეცნიერო, რელიგიურ ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში.
მეოთხე მუხლით განსაზღვრულია პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაციას და შესაბამისი რეგულაციებს
საქართველოში ყველა იმ პირმა, რომელიც არის უცხოური პრინციპალის აგენტი და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, დარეგისტრირდეს. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს თუნდაც გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული მასალა გავრცელდება 2 ან მეტ პირზე, ამ მასალის ორი ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, ინფორმაციის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში;
ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალების ასლები, რომლებიც უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, აგრეთვე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“ აღნიშნული კანონის მიზნებისთვის.
- მეექვსე მუხლით ოფიციალური საჯარო მონიტორინგის, ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემის წესია დარეგულირებული;
- მეშვიდე მუხლის მიხედვით, უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირების პასუხისმგებლობაზეა საუბარი;
- ხოლო მერვე მუხლი განსაზღვრავს აღსრულებასა და ჯარიმებს;
- მეცხრე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები იქნება;
- მეათე ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” პარალელურად, საქართველოს პარლამენტში, ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს მედიასთან დაკავშირებული კიდევ ორი კანონპროექტის დამტკიცების პროცედურა.
მანამდე “ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი პროტესტის და საერთაშორისო მეგობრების კრიტიკის ფონზე მიიღო “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც ასევე ზღუდავს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას.




























