მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია “საქართველოს ფოსტის” შესახებ აუდიტის ანგარიშში, რომელიც პროკურატურაში ჯერ კიდევ 2019 წელს გადაიგზავნა

საქართველოს ფოსტა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 1019 წელს გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდო სამართალდარღვევებისა და ფინანსური ნაკლოვანებების მთელი სერიაა იყო აღწერილი. დოკუმენტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებსა და პროკურატურას ჯერ კიდევ 2019 წელს გადაეგზავნა, ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ქონების საეჭვო გასხვისებაზე, ინტერესთა კონფლიქტზე, შესყიდვების დარღვევებსა და ფინანსურ ზარალზე.

საქმე ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ცნობილი 8 ოქტომბერს გახდა. იქამდე, 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკან დააბრუნეს.

აუდიტის ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები და სავარაუდო დარღვევები, რომელთა საფუძველზეც მასალა საგამოძიებო უწყებებს გადაეცათ, რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს:

ინტერესთა კონფლიქტი და სახელმწიფო ქონების გადაცემა ვალის სანაცვლოდ

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის დასაწყისში გაფორმებული მორიგების აქტით, „საქართველოს ფოსტამ“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ 661,728 ლარის დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა 1,858.85 კვ.მ საერთო ფართობის უძრავი ქონება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, სენაკში, ვანში, შუახევსა და თიანეთში.

აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ამ გარიგებისას ადგილი ჰქონდა ინტერესთა სერიოზულ კონფლიქტს:

  • საკუთარ თავთან გარიგება: ხელშეკრულებას, როგორც „საქართველოს ფოსტის“, ისე „ლატარიის კომპანიის“ მხრიდან, ხელს აწერდა ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო.
  • სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების რისკი: „საქართველოს ფოსტა“ 100%-ით სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა, ხოლო „ლატარიის კომპანიაში“ სახელმწიფოს მხოლოდ 70% ეკუთვნოდა, დარჩენილი 30% კი ოფშორში (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) რეგისტრირებულ კერძო კომპანიას. შესაბამისად, ერთი და იმავე პირის მიერ გარიგების დადება აჩენს ეჭვს, რომ კერძო პარტნიორის ინტერესები სახელმწიფოს ხარჯზე დაკმაყოფილდა.
  • ბუნდოვანი თანხმობა: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ქონების გასხვისებაზე ნებართვა უნდა გაეცა, მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია და პასუხად მხოლოდ „საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება“ უთხრა, რის გამოც აუდიტორები ვერ დარწმუნდნენ ტრანზაქციის მართლზომიერებაში.

გარდა ამისა, „ფოსტამ“ „ლატარიის კომპანიას“ 560 კვ.მ საოფისე ფართები დროებით სარგებლობაში გადასცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან სავალდებულო შეთანხმების გარეშე.

შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევები და კონკურენციის შეზღუდვა

აუდიტის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული ნაკლოვანებები და ხარვეზები:

  • მორგებული ტენდერები: ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისას (200,812 ლარი) ტექნიკური პარამეტრები იმგვარად განისაზღვრა, რომ კონკურენცია ხელოვნურად შეიზღუდა და ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთ მოდელს („ფიატს“) შეეძლო, რამაც ფასის კლება გამორიცხა. ანალოგიურად, უნაგირა საწევარას შესყიდვისას (198,300 ლარი) სატენდერო პირობები კონკრეტული მიმწოდებლის მონაცემებზე იყო მორგებული.
  • შესყიდვების ხელოვნურად დაყოფა: კომპანიის შესყიდვების სპეციალური წესი 100,000 ლარამდე ერთ პირთან მოლაპარაკების უფლებას იძლეოდა, თუმცა ეს ზღვარი ეხებოდა ერთჯერად ხელშეკრულებას და არა წლის განმავლობაში ერთგვაროვან შესყიდვებს. ეს ხარვეზი ხელშეკრულებების ხელოვნურად დაყოფის საშუალებას იძლეოდა, რაც ფინანსების არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდიდა.
  • დაუსაბუთებელი სარეკლამო ხარჯები: სარეკლამო მომსახურების შესყიდვისას (მათ შორის, ბათუმის ბულვარში 3D ნახატის დამზადებასა და PR აქტივობებში გადახდილი 28,687 ლარი, ასევე რადიო „ენერჯის“ ეთერში რგოლის განთავსება) წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა, რეალურად მიიღო თუ არა ფოსტამ გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურება.
  • არასწორად გადახდილი დღგ: კანონმდებლობის დარღვევით, დღგ-ისგან გათავისუფლებულ მომსახურებებსა და პროდუქტებში (ბეჭდვითი მომსახურება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები) კომპანიამ ზედმეტად გადაიხადა 42,403 ლარი.

ქონების ინვენტარიზაციის უგულებელყოფა და დანაკლისი

აუდიტორულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ „საქართველოს ფოსტაში“ წესით დადგენილი პერიოდულობით არ ტარდებოდა აქტივების ინვენტარიზაცია:

  • ავტონაწილების მარაგების შერჩევითი შემოწმებისას გამოვლინდა 18,991 ლარის დანაკლისი (შერჩეული მოცულობის 56%).
  • 180 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სკუტერები, კვადროციკლები) ჩამოწერისას, აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგოდ, ჯართად რეალიზაციის წონაში არ შეიყვანეს ძრავები და სხვა ნაწილები, რამაც მათი დაკარგვის ან არამიზნობრივი გამოყენების რისკი წარმოშვა.
  • კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა 5.1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების (84 ერთეული) გამოუყენებელი და 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების (66 ერთეული) საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება.

დაუსაბუთებელი დანამატები და უმოქმედო მმართველობა

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობაზე გაიცა 6.6 მილიონ ლარზე მეტის დანამატი. ფიქსირებული დანამატების დანიშვნის საფუძვლები ბრძანებებში მითითებული არ იყო, ხოლო ცვლადი დანამატების გაცემისას არ არსებობდა ზეგანაკვეთური ან დამატებითი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამასთანავე, კომპანიის მართვის უმაღლეს ორგანოს, პარტნიორთა საერთო კრებას (რომლის უფლებამოსილებასაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს) 2017 წლის განმავლობაში საერთოდ არ ჩაუტარებია სხდომა, არ დაუმტკიცებია ბიზნესგეგმა და არ განუხორციელებია დირექტორის საქმიანობის კონტროლი.

სწორედ ამ სისტემური დარღვევების, სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტისა და სახელმწიფო ფინანსების არარაციონალური განკარგვის გამო გადაეგზავნა აღნიშნული ანგარიში პროკურატურას შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

bm.ge მიმართავს პროკურატურას, როგორი იყო რეაგირება მათი მხრიდან და რა შედეგი დადგა აუდიტის დასკვნით გამოვლენილ სავარაუდო სამართალდარღვევბზე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2025 წლის 1 სექტემბერს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის კომპანიას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა.

ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ ამჟამადაც ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები