ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია “APM ტერმინალს ფოთში” აინტერესებთ, რა წერია ფოთის პორტის შესახებ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიან გეგმაში (2026-2036), რომელიც საჯარო არ არის.
“უნდა გავეცნოთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა [მარიამ ქვრივიშვილმა] და უნდა გაიმართოს დისკუსია - სად არის ფოთი სპორტი გათვალისწინებული სახელმწიფოს ათწლიან გეგმაში”, - აცხადებს “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიან გეგმის მიმართ ფოთის პორტის მენეჯმენტში ინტერესი იმიტომაც აქვთ, რომ ამ დრომდე ღიაა ფოთის პორტის გაფართოების საინვესტიციო გეგმა, რომლის სავარაუდო ღირებულება უკვე მინიმუმ 350 მილიონი დოლარია.
ზვიად ჩხარტიშვილი იმედოვნებს, რომ ინვესტორი კომპანია და მთავრობა წლის ბოლომდე აუცილებლად დაბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას, რათა საკითხი გადაწყდეს. მისი თქმით, ფოთის პორტი ამჟამად საოპერაციო მოცულობების ზღვარზე იმყოფება, რაც გაფართოების პროექტის დაჩქარების აუცილებლობას წარმოშობს.
- ფოთის პორტის გაფართოების გაჭიანურებულ პროექტზე ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია პრემიერთან ან ეკონომიკის მინისტრთან, რომლებიც ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ?
- შეხვედრა გვქონდა როგორც მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის დონეზე, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან (ივანე აბაშიძე). ჩვენ ყოველთვის ორი მიმართულებით ვსაუბრობთ: ერთი - როგორ გავუმკლავდეთ არსებულ ნაკადს (რა მოკლევადიანი პროექტები შეიძლება განხორციელდეს) და მეორე - რა პროცედურები შეიძლება გამარტივდეს, რაც გემის დამუშავების დროის შემცირების საშუალებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, შევეხეთ ამ საკითხსაც. წლის ბოლომდე, სანამ უშუალოდ მინისტრსა და APM-ის მენეჯმენტს შორის გაიმართება შეხვედრა, აუცილებლად ჩატარდება შუალედური შეხვედრები მინისტრის მოადგილესთან (თამარ იოსელიანთან), ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს…
- თამარ იოსელიანთან და ივანე აბაშიძესთან კომუნიკაციიდან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ - რა განწყობაა მთავრობაში ამ საკითხზე?
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან, ისევე როგორც მინისტრის მოადგილისგან, სრული მხარდაჭერა გვაქვს. ახლა უკვე საუბარია იმაზე, რაც მინისტრმა საზღვაო ფორუმზე გააჟღერა: მათ შეიმუშავეს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა (2026–2036 წლებისთვის) და ჯერ ეს დოკუმენტი უნდა გაგვაცნონ…
- 10-წლიანი თქვენც არ გინახავთ?
- არა, თუმცა დაგვპირდნენ, რომ შუალედური შეხვედრების დროს გაგვაცნობდნენ. ამ გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ფოთის პორტის გაფართოების პროექტიც.
- ფოთის პორტის გაფართოების პროექტის ბიუჯეტი ისევ $300 მილიონია თუ გაძვირდა პროექტი?
- საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლება და ის პროექტი, რაც მაშინ იყო დაგეგმილი, ახლა მინიმუმ $350-მილიონიანია. რაც დრო გადის, ინვესტიციის მოცულობაც იზრდება.
- წლის ბოლომდე დაბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან იმ იმედით, რომ მთავრობა ჩამოყალიბდება კონკრეტულ პასუხზე (“კი” ან “არა”), რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია?
- დიახ.
























