მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თხოვნა აქვს "ჯორჯიან მანგანეზს" მთავრობასთან - კალაძე შუამავლის როლშია

5cdeacf7db755
BM.GE
17.05.19 16:44
753
თბილისის მერისა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია "ჯორჯიან მანგანეზთან" გაფიცული თანამშრომლების პრობლემების მოგვარებაზე.

ამასთან, კახა კალაძის აღნიშნავს, რომ კომპანიას გარკვეული თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც აქვს და ამ საკითხებზე ის ინფორმაციას პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მიაწვდის.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ყველა ის პირობა, რომელიც მუშებს აქვთ დაყენებული, კომპანია მზადაა განიხილოს მათთან ერთად და შემდეგ მოხდეს მათი დაკმაყოფილება. ამავდროულად, კომპანიას აქვს თხოვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან - იქ გარკვეული დახმარება სჭირდება სხვადასხვა საკითხზე და მე რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად მივაწვდი, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა იყოს", - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში 15-16 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც უკანონო გაფიცვას და მონაწილე პირებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა და დაიწყონ შემათანხმებელი პროცედურები.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, ამ დრომდე შპს "ჯორჯიან მანგანეზს" არ მიუღია წერილობითი შეტყობინება, რომლითაც დავის წარმოშობის საფუძვლები და მოთხოვნები განისაზღვრება.

მანგანუმის მადნის კონცენტრატის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოს განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ორი დღეა მოუწოდებს დავის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ, მათი მხრიდან ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო შრომით მოთხოვნებთან არ აქვს.

ვითვალისწინებთ რა, იმ გარემოებას, რომ უკანონო გაფიცვაში მონაწილე პირები შესაძლებელია შეყვანილნი არიან შეცდომაში სხვა პირების მიერ და არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი შესაძლო შედეგებზე.

კომპანია კიდევ ერთხელ განუმარტავს თანამშრომლებს, რომ დავის გადაწყვეტის რეალური საშუალებაა შემათანხმებელი პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყება, რაც გულისხმობს მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიაციის ინიცირებას. ჩვენ სრულად ვაღიარებთ მოლაპარაკებების ორივე ფორმატს და მზადყოფნას გამოვხატავთ მასში მონაწილეობაზე, მით უფრო, რომ კომპანიას უახლოეს წარსულში გაგვაჩნია ამ ფორმატში თანამშრომლებთან წარმატებით გადაწყვეტილი დავის გამოცდილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა დაინტერესებული თანამშრომელი ჩვენი შეთავაზების შესაბამისად, 17 მაისს 13:30 სთ-ზე, მობრძანდება ჭიათურის აკ.წერეთლის სახ. სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, რათა მხარეებმა დავიწყოთ მოლაპარაკებები წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

თუ აქციაში მონაწილე პირები უარს განაცხადებენ შეთავაზებულ ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებაზე, არსებული ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესებს არაფერი საერთო გაჟღერებულ მოთხოვნებთან არ აქვს, ჩაითვლება დადასტურებულად და კომპანია დაიწყებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჭიათურის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ გაავრცელა.

"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებზე აცხადებდა, რომ პროცესები გარე ძალებისგან იყო მართული.

"ჯორჯიან მანგანეზის" ცნობით, მაღაროელების მოთხოვნა თავდაპირველად, საკვების ხარისხის გაუმჯობესება იყო, გუშინ კი - ხელფასების პოლიტიკის გადახედვა.

კომპანიის ინფორმაციით, საწარმოში სულ დასაქმებულია 3500-მდე ადამიანი, თუმცა გაფიცულია დაახლოებით, 170 მაღაროელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები