მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება "ქართუს" 4 მლნ პირბადის ყიდვა და რა სჭირდება კომპანია "რესპირატორს"

5e98834d8d16f
თელარა გელანტია
17.04.20 11:33
3582
დღეიდან, საქართველოში, ქართულმა კომპანიამ „რესპირატორმა“ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

Bm.ge დაინტერესდა, ვის საკუთრებაშია და როდის დაფუძნდა კომპანია. როგორც ბიზნეს-რეესტრიდან ირკვევა, შპს „რესპირატორი“ 15 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი მესაკუთრეა მოქალაქე სერგო გალუსტიანი.

კომპანიის მფლობელმა გვითხრა, რომ საწარმო თბილისში, დიღომშია განთავსებული და ამ ეტაპზე 12 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. სერგო გალუსტიანი ირწმუნება, რომ პირბადეების წარმოების იდეა ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ გააჩინა.

„ვნახეთ, რომ არავინ აპირებდა პირბადეების საწარმოებლად ავტომატური ხაზი ჩამოეტანა, საკმაოდ კარგი კონტაქტები გვაქვს ჩინეთთან და გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა covid-19-თან ბრძოლაში“, - უთხრა bm.ge-ის გალუსტიანმა.

მისივე თქმით, ჩინეთში ერთი საწარმოო დანადგარი დაახლოებით, $60 000 -$120,000 დოლარამდე ღირს, რაც ხარისხზეა დამოკიდებული. დანადგარი, დაახლოებით, 2 კვირაში ჩამოვიდა, თუმცა მთავარ გამოწვევას ნედლეულის შესყიდვა წარმოადგენს, რომელიც covid-19-ის გამო დეფიციტურია და თან გაძვირდა.

„ამ ეტაპზე ერთი დანადგარი გვაქვს; 20 აპრილს ველოდებით უკვე მეორე საწარმოო ხაზს, თუმცა მთავარი გამოწვევა ნედლეულია და სწორედ ამაში გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. მთავრობა უშუალოდ მწარმოებლებთან კონტაქტების მოძიება-მოლაპარაკებებში გევხმარება, რადგან ასე ვთქვათ, არ გვატანენ ნედლეულს, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისთვის სჭირდება. მოკლედ, კონკრეტულ კომპანიებს როცა ვპოულობთ, მერე ჩვენ ვუკავშირდებით მთავრობას, რომ დიპლომატიური გზებით დაგვეხმაროს“, - განაცხადა გალუსტიანმა და დასძინა, რომ ნედლეული ძირითადად,
ევროპის ქვეყებიდან, ასევე, ბელურუსიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოაქვთ.

„რესპირატორის“ მესაკუთრის მტკიცებით, გარდა აღნიშნული მხარდაჭერისა, მთავრობა ფინანსურად კომპანიას არ ეხმარება და არანაირ სუბსიდირებას არ უკეთებს.

რაც შეეხება პირბადეების ფასს, როგორც სერგო გალუსტიანმა გვითხრა, პირბადეების თვითღირებულება 12-დან 15 ცენტამდეა და ფონდ “ქართუსაც“ პროდუქციას, დაახლოებით, ამავე ფასში ან მაქსიუმ 10-15%-იანი დანამატით აძლევენ.

„4 მლნ პირბადის შეკვეთა გვაქვს „ქართუსგან“, რაც არაა ცოტა. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ. მერე შეიძლება ისევ ქართუ „ფონდმა“ გააგრძელოს პირბადეების გამოსყიდვა. ისე, ჩვენ ბევრ კომპანიას მივმართეთ და შევატყობინეთ, რომ წარმოების დაწყებას ვაპირებთ და დაგვეხმარეთ ანუ წინასწარ შეკვეთები განათავსეთ, რომ ჩვენ შევძლოთ ფულადი რესურსების მობილიზება ნედლეულის შესაძენად“, - აღნიშნა კომპანიის მესაკუთრემ, რომლის პროგნოზით, სამომავლოდ, სავარაუდოდ, ნედლეულის პრობლემა შეექმნებათ, თუმცა ისევ მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

სერგო გალუსტიანის ინფორმაციითვე, მათ მიერ წარმოებული სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერთიფიკატის და ევროსერთიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერტიფიცირება აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე”, - აცხადებს „რესპირატორის“ დირექტორი.

"ოცნების“ 100,000-ლარიანი შემომწირველი - ვისია კომპანია, რომელც პირბადეების წარმოებას იწყებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები