მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება საქართველოს რკინიგზას შვეიცარიული Stadler-ისგან ნაყიდი მატარებლების რემონტი?

Stadler

„საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ორსართულიანი მატარებლების კაპიტალური რემონტზე შვეიცარიული Stadler-ი მუშაობს. კერძოდ, 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია Stadler-საქართველოს რკინიგზისკუთვნილი, Stadler-ისვე წარმოების, ოთხი მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3-წლიან უწყვეტ გეგმურ შეკეთებას უზრუნველყოფს.

BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა სამგზავრო მატარებლების რემონტი და რა თანხა იხარჯება ამ მიმართულებით. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ხელშეკრულების ღირებულება (დღგ-ს გარეშე) 7.7 მილიონ ევრომდეა და პროცესი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„შპს „შტადლერ სერვის ჯორჯია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს რევიზია 1-სა და მიმდინარე ტექნიკური მომსახურების გაწევას. მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 663 873 ევროს დღგ-ს გარეშე, რომლიდანაც 3 920 000 ევრო არის რევიზია 1-ის საფასური, 3 231 360 ევრო - მიმდინარე ტექნიკური მომსახურების ღირებულება, ხოლო 512 513 ევრო - მასალის ფასი. რევიზია გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და 2025 წლის ბოლოს დასრულდება, ტექნიკური მომსახურება კი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ” Stadler-ის წარმოების 4-ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე, 40 მლნ ევროდ შეიძინა. თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლებმა მოძრაობა 2016 წლის ივლისიდან დაიწყეს. BMG ასევე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა Stadler-ისგან დამატებით ახალი სამგზავრო შემადგენლობების შეძენა, თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, „კანონისმიერი ვალდებულების არარსებობის გამო სს „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გამცემ დაწესებულებას“. ამავე არგუმენტით რკინიგზაში არ უპასუხეს BMG-ის სხვა კითხვებს, მათ შორის, დასაქმებულთა რაოდენობის, კორპორატიზაციის, საინვესტიციო პრიორიტეტების გეგმის და სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებაზე მთავრობასთან შეთანხმების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები