ყველაზე ძვირი არჩევნების ჩატარება ამერიკის შეერთებულ შტატებს უჯდება. ეს თანხა Opensecret-ის მიხედვით, 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენს რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ამერიკელი შუალედურ არჩევნებზე დაახლოებით 12 დოლარს იხდის საკუთარი ჯიბიდან. მისი მეზობლის, კანადის ფედერალური არჩევნები 2015 წელს, გაცილებით იაფი, 443 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც 2011 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული ხარჯია. აღმოჩნდა, რომ კანადის მოქალაქეებს ზუსტად იგივე თანხა, 12 დოლარი უჯდებათ საკუთარი საკანონმდებლო შტოს არჩევა.
2017 წელს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც ტერეზა მეის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, 140 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაჯდა. გამოდის, რომ ერთი ბრიტანელი საკუთარი ჯიბიდან, დაახლოებით 2 ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს იხდის.
ამ 4 ქვეყანას შორის შედარებით ეკონომიური გერმანია აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე ცოტა, 92 მილიონი ევრო დახარჯა საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილების დროს. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე იაფი სწორედ გერმანელებს დაუჯდათ ეს პროცესი, დაახლოებით 1.1 ევრო 1 სულ მოსახლეზე.
კიდევ უფრო ნაკლები ღირებულების იყო უნგრეთში გამართული არჩევნები. მისი ფასი 12 მილიონი ევრო გახლდათ, რაც ერთ უნგრეთის მოქალაქეზე 1.25 ევროს უდრის.
საქართველოში ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოიყო 42 მილიონ 667 ათასი ლარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ჩვენი მოსახლეობა შეადგენს 3.7 მილიონ ადამიანს. შესაბამისად ერთ გადასახადის გადამხდელს, დაახლოებით 11.5 ლარი დაუჯდა არჩევნების ჩატარება.