მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განახლებისა და ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნისთვის ემზადება. მოქმედი სტრატეგია 2020-2022 წლებს მოიცავს და ის აქტივობები, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს 78 გვერდზეა გაწერილი.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ FDI -ის მოზიდვის სტრატეგიის განახლებამდე აუცილებელია ის საკითხები გადაიხედოს, რაც ვერ განხორციელდა, რათა ახალ სტრატეგიაში ძველი გამოცდილება გათვალისწინებული იყოს.
მან გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, ეფექტიანობის შეფასება აუცილებელია.
„უპირველესად მნიშვნელოვანია არსებული სტრატეგიის გადახედვა. უნდა მოხდეს წარმატებული პროექტების გამოვლინება და ნახვა რამ იმუშავა, როგორ და რატომ იმუშავა და თუ რამემ ვერ იმუშავა რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები. ყველა იმ მიზეზს უნდა ჩავუღრმავდეთ, რატომ ვერ განხორციელდა წინა სტრატეგიის პროექტები, რადგან ახალი ხედვა სწორად შემუშავდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ის პრიორიტეტული საკითხები ჩამოთვალა, რაზეც მეტი მუშაობაა საჭირო.
მაგალითად, წინა სტრატეგიიდან რამდენიმე მიმართულებამ წარმატებულად იმუშავა, კერძოდ, ბიზნეს ოპერაციების მენეჯმენტის საქართველოში გადმოტანა. რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გადმოიტანა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თავიანთი კომპანია საქართველოში და ეს წარმატებული შემთხვევებია. ამაზე კაპიტალიზაცია და ამაზე მუშაობის გაგრძელება შედეგიანი იქნება. რეფორმები ჩვენი მუშაობის ყოველდღიური ნაწილი უნდა იყოს. ასევე დასახვეწია საჯარო სერვისების ოპტიმიზაცია. ამაზე მუშაობას ვერასოდეს მოვრჩებით, რადგან ეს მუდმივად უნდა განაახლო და ახალი ტექნოლოგიები, მიდგომები დანერგო, რაც ბიზნეს გარემოს უფრო მეტად გაამარტივებს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანი მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, როგორიცაა აეროპორტები, პორტები, გზები და რკინიგზა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აქცენტი ენერგოუსაფრთხოებაზეც გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მთავარი მამოძრავებელია, რის გამოც ქვეყანაში მსხვილი ენერგო პროექტები უნდა განხორციელდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა გამარტივდეს ბიზნეს ოპერაციები და ქვეყანას რაც შეიძლება მეტი წარმატებული მაგალითი ჰქონდეს, რათა საქართველოთი დაინტერესება გაიზარდოს.




























