რა უნდა გაკეთდეს ჭუბერში საფრთხეების პრევენციისთვის? – რეკომენდაციები
დავით ჯალაღონია
14.07.18 11:15
• 699
გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მდინარე ნენსკრას აუზში ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელის შექმნა აუცილებელია.
სპეცილისტების მიერ შესაბამისი ანგარიში ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და რეკომენდაციების გასაცემად მომზადდა. დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულად გააცნობს.
„დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო, სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდინარე ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე, საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.
„ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - მდინარე ოკრილას ხეობაში.
მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად, ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდინარე ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.