მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში? - ბექა ლილუაშვილის მოსაზრება

..

მიმდინარე თვეში სახელმწიფომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვა დაიწყო. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 2.26 მილიარდი ლარით მეტი იქნება. პროექტში გაწერილია, რამდენი მილიონი ლარით დაფინანსდება თითოეული სამინისტრო და უწყება.

საკითხზე, რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით, BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში დეპუტატი ბექა ლილუაშვილი საუბრობს.

“დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდებოდა, ბიუჯეტში ენახათ ღონისძიებები, რომელიც გამოათავისუფლებდა მნიშვნელოვან შეღავათს ჩვენი მოქალაქეებისთვის, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც გადაცემითია და სხვა პროდუქციის ფასებზეც აისახება;

გაგვიხარდებოდა ასევე, თუ ვნახავდით პოლიტიკური საჭიროებებით მიღებული საგადასახადო შეღავათების შემცირებას, მაგალითად საიმპორტო გადასახადებთან დაკავშირებით. თუ ვნახავდი უზარმაზარი საშეღავათო პირობებიდან ეტაპობრივად გამოსვლის გეგმას;

გამიხარდებოდა, თუ ვნახავდი ისეთ საბიუჯეტო პროგრამას, რომელიც მიმართული იქნებოდა პირველადი ჯანდაცვის სერიოზულ რეფორმირებაზე. საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები მილიარდ ლარს გადასცდა და ყოველწლიურად უკიდურესად მზარდია, სად არის მისი გაუმჯობესების რეფორმა?” - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

დეპუტატი განათლებისა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში არც ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებია ასახული.

“გამიხარდებოდა, თუ ვნახავდი განათლების მიმართულებით ნაბიჯებს. მისასალმებელია კვალიფიციური კადრებისთვის ხელფასის ზრდის პოლიტიკა და ეს გარდაუვალი და აუცილებელია, მაგრამ ხარისხისა და ცოდნის გამოყენების თვალსაზრისით რა ნაბიჯები იდგმება, ბიუჯეტში ამის ქმედით მინიშნებასაც ვერ ნახავთ”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები