მართალია, უოლ-სტრიტზე კვირის პირველი სავაჭრო სესია ჯერაც არ გახსნილა და ირანთან კონფლიქტის დაწყების სიახლეზე ინვესტორებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება შაბათ-კვირის განმავლობაში არ ჰქონიათ, თუმცა წინასავაჭრო სესიაზე გარკვეული სენტიმენტი უკვე იკვეთება.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ბაზარი დაღმასვლისკენ არის მიმართული, უფრო კონკრეტულად, Pre-market-ის რეჟიმში Nasdaq-ის ინდექსი 1.5%-ითაა შემცირებული, S&P500-სა და Dow Jones Index-ს კი დაახლოებით 1.2%-იანი კლება აქვთ.
ბაზრის დაღმასვლის მიუხედავად, ზოგიერთ სექტორში მკვეთრ ზრდას ვხედავთ, მაგალითად, სამხედრო ტექნიკის და თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი კომპანიების შეფასება საშუალოდ 5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ სექტორს, ამ მიმართულებით დაახლოებით 4%-იან ზრდას ვხედავთ.
ასევე გაზრდილია ოქროს, ვერცხლისა და სხვა იშვიათი მეტალების მომპოვებელი კომპანიების შეფასებაც, რაც ბირჟაზე ძვირფასი ლითონების ზრდას უკავშირდება.




























