მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც ბათუმი-სარფის ₾809-მილიონიან გზას გაიყვანს

ბათუმი-სარფი

ბათუმი სარფის მაგისტრალს, რომლის სიგრძეც 11.3 კილომეტრია ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 809 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტი მოიცავს მდინარე ჭოროხზე 1.47 კილომეტრიანი ხიდის და 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობას, ასევე 500 მეტრის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობას.

პროექტზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში წინადადებების წარდგენა იანვარში დასრულდა, გასული რვა თვის განმავლობაში კი სამინისტრო წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა.

კომპანია საქართველოში უკვე რამდენიმე პროექტზე მუშაობს:

1 სექტემბერს კომპანია China Railway Tunnel Group Co გამარჯვებულად გამოვლინდა წიწამური-ავჭალის გვირაბის და 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ტენდერშიც, რაც თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტს წარმოადგენს. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 499 მილიონ ლარს შეადგენს. China Railway Tunnel Group-ისთვის წიწამური-ავჭალის გვირაბი საქართველოში პირველი მსხვილი პროექტი არ იქნება.

კომპანია ამჟამად ქვეშეთი-კობის გზის პროექტის 9-კილომეტრიანი გვირაბის შიდა მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებს. ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე კომპანიასთან 2019 წელს 902 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენებული 9-კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბია.

კომპანია ასევე სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნულ პროექტზე China Railway Tunnel Group-სთან 2024 წელს 215 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი მოიცავს 460 და 846 მეტრის სიგრძის ორ გვირაბს, ასევე 2018 და 636 მეტრის სიგრძის ორ ხიდს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ხიდი, 2018 მეტრის სიგრძით, დასრულების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება.

რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს აღნიშნულ კომპანიას?

China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ძირითადად გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და სხვა რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება.

კომპანია 1978 წელს დაარსდა და შედის China Railway Group Limited-ის (CREC) ჯგუფში. CRTG-ის საქმიანობა მოიცავს პროექტირებას, საინჟინრო კვლევებს, კვლევასა და განვითარებას, გვირაბების მშენებლობასა და სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებას. კომპანია ასევე ახორციელებს გვირაბგამყვანი მანქანების TBM-ების წარმოებას.

CRTG-ს გამოცდილება აქვს როგორც ჩინეთში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბები, მეტროს ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ნაგებობები.

კომპანიის ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო პროექტია უზბეკეთში Qamchiq-ის 19.2-კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბი, რომელიც Angren-Pap-ის სარკინიგზო ხაზის ნაწილია. CRTG ასევე მონაწილეობდა სინგაპურის და ჩილეს მეტროს ინფრასტრუქტურის პროექტებში.

11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

"ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.

პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 009 547.18 ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისა და პროექტის განსაზღვრულ ვადებსა და შესაბამისი ხარისხით შესრულების საკითხები განიხილეს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიანგ ჰონგჯუნმა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები