„ტერაბანკის“ შეძენით სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Ardshinbank-ი, არის დაინტერესებული. ინფორმაციას BMG-ს საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში უდასტურებენ. ამ ეტაპზე ბანკს მარეგულირებლისთვის ოფიციალური განაცხადით არ მიუმართავს.
ინფორმაცია „ტერაბანკისა“ და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო შესყიდვის შესახებ თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აქტივების შეძენით სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ბიზნესჯგუფი - Arins Group-ია დაინტერესებული. ორივე აქტივი ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანის საკუთრებაშია.
2025 წლის მონაცემებით, ბანკს სომხეთის საბანკო ბაზრის დაახლოებით 20.6% უკავია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Ardshinbank პირველ ადგილზეა აქტივების, დეპოზიტების, კაპიტალის, საცალო დეპოზიტების, წმინდა მოგებისა და ფილიალების ქსელის მიხედვით.
ბანკი 2003 წელს დაფუძნდა და სათავო ოფისი ერევანში აქვს. 2025 წლის 25 ნოემბერს Ardshinbank-მა იურიდიული სტატუსი შეიცვალა და დახურული სააქციო საზოგადოების ნაცვლად ღია სააქციო საზოგადოება გახდა. ბანკს სომხეთში 71 ფილიალი აქვს.
Ardshinbank-ის საკონტროლო პაკეტს Arins Group LLC ფლობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯგუფის მფლობელი და Ardshinbank-ის ბენეფიციარი მესაკუთრე კარენ საფარიანია. Arins Group ბანკის აქციების 98.918067%-ს აკონტროლებს.
Ardshinbank-ის გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო HSBC Bank Armenia-ს შეძენა. გარიგება 2024 წლის ნოემბერში დასრულდა, რის შემდეგაც HSBC Bank Armenia Ardshininvestbank-ის სახელით აგრძელებს საქმიანობას.
2025 წლის ბოლოს Ardshinbank-ის მთლიანი აქტივები დაახლოებით 7.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის 6.21 მილიარდ დოლართან შედარებით. შესაბამისად, აქტივები ერთ წელიწადში დაახლოებით 16%-ით გაიზარდა.
ბანკის კაპიტალმა 2025 წლის ბოლოს 1.15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის 870 მილიონ დოლართან შედარებით დაახლოებით 32%-იანი ზრდაა.
2025 წლის ბოლოს Ardshinbank-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 3.99 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3.07 მილიარდი დოლარი იყო.
პორტფელის უდიდეს ნაწილს კორპორაციული სესხები შეადგენდა - დაახლოებით 2.43 მილიარდი დოლარი. საცალო დაკრედიტების მოცულობა დაახლოებით 1.54 მილიარდი დოლარი იყო.
საცალო პორტფელში შედიოდა დაახლოებით 860 მილიონი დოლარის იპოთეკური სესხები, 400 მილიონი დოლარის სამომხმარებლო და სხვა საცალო სესხები, 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ბარათები და 130 მილიონი დოლარის ოქროს სესხები.
ბანკის დეპოზიტების და მომხმარებელთა სხვა ნაშთების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს დაახლოებით 4.53 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე - 3.96 მილიარდ დოლარზე - დაახლოებით 14%-ით მეტია.
2025 წელს Ardshinbank-ის წმინდა მოგებამ დაახლოებით 370.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10 მილიონი დოლარით მეტი იყო.
ბანკმა 2026 წლის იანვარში 600 მილიონი დოლარის მოცულობის ხუთწლიანი ევროობლიგაციებიც გამოუშვა. ობლიგაციების კუპონური განაკვეთი 6.6%-ია, ხოლო მათი რეიტინგები Fitch-ის, Moody's-ისა და S&P-ის მიხედვით, შესაბამისად, BB-, Ba3 და BB- იყო.
თუ გარიგებაზე ეროვნული ბანკი თანხმობას გასცემს, Ardshinbank-ის მიერ „ტერაბანკის“ შეძენა "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვის შემდეგ მეორე მსხვილი გარიგება იქნება საქართველოს საბანკო ბაზარზე.
„ტერაბანკი“ აქტივების მიხედვით საქართველოს მეექვსე უმსხვილესი კომერციული ბანკია. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ბანკის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.72 მილიარდი ლარი იყო. 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში „ტერაბანკმა“ 18 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებით განიხილება „ტერაბანკის“ შესაძლო შესყიდვა, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს გარიგებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Ardshinbank-ის ინტერესის შესახებ მარეგულირებლისთვის ცნობილია, თუმცა გარიგების პროცესი ოფიციალურ ეტაპზე ჯერ არ გადასულა.
„სს „ტერაბანკით“ სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ის დაინტერესების შესახებ ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიას ოფიციალურად მარეგულირებლისთვის არ მოუმართავს.
შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, ბანკის მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისთვის აუცილებელია სებ-ის თანხმობა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავისი მანდატიდან გამომდინარე შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.




























