პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იულია სვირიდენკო დაასახელა. ის აქამდე პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ სვირიდენკოს შესთავაზა მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და თავისი გამოცდილება გამოიყენოს უკრაინული წარმოების მხარდასაჭერად.
თავად სვირიდენკო 1985 წელს, ჩერნიჰივის ოლქში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კიევის ვაჭრობისა და ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელა. ეკონომისტად მუშაობის 10 წლის თავზე, 2018 წელს სვირიდენკო საჯარო პოლიტიკაში ჩაერთო და მალე ჩერნიჰივის გუბერნატორად დაინიშნა. მომდევნო წლებში ის სამთავრობო კაბინეტსაც შეუერთდა და მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამყვან თანამდებობაზეც დაინიშნა.
იულია სვირიდენკო ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციას 2021 წლიდან იკავებს. მის სახელს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება უკავშირდება. ტრამპის ადმინისტრაციასთან საკვანძო მნიშვნელობის “მინერალების შეთანხმება” სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გაფორმდა.



























