შვეიცარიული ბრენდის The North Face-ის საქართველოს წარმომადგენელი კანცელარიაში ქართული ენის სპეციალისტებს შეხვდა და ბრენდის თარგმანში დახმარების თხოვნით მიმართა. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სარეკლამო აბრებზე ქართულად თარგმნილი წარწერები უნდა იყოს დატანილი და იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე უცხო ენაზეა შესრულებული.
"რა ვუყოთ არტიკლს the?" - კითხვას სვამს The North Face-ის საქართველოს წარმომადგენელი. გიორგი ჩხეიძის ცნობით, იგივე შეკითხვა ქართული ენის სპეციალისტ ჩინოსნებსაც აწუხებთ და იზიარებენ კიდეც ბრენდის წუხილს. გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ბრენდული წარწერების და სასაქონლო ნიშნების ქართულად თარგმნის საკითხი კომპლექსურად განსახილველია და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ზიანის მომტანი იქნება.
"კანონში ბუნდოვანი ჩანაწერია. წელიწადი მაინც გვჭირდება რომ 8 მაღაზიის აბრა შევცვალოთ. გარდა იმისა რომ სჭირდება ფინანსები, პროცედურებიც აქვს. ვერავინ ვერ მეუბნება, სწორად როგორ აღვასრულო ეს. როდესაც შემმოწმებელი მოდის მე დამოკიდებული ვარ, მის გემოვნებაზე ხედვაზე. შეიძლება რაღაც არ მოეწონოს და კიდევ მითხრას რომ შევცვალო. არის გარკვეული წარწერები, სადაც წარმოდგენა არა გვაქვს რა წერია, შეიძლება გვაგინებენ კიდევაც. მე მინდა, რომ შედგეს შეხვედრა გლობალური ბრენდების წარმომადგენლებ, დავსხდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც კარგი იქნება მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ „საქმის კურსის“ ეთერში.
თბილისის მერმა კახი კალაძემ აბრების გამოსაცვლელად კომპანიებს ვადა პირველ აპრილამდე მისცა და ჯარიმების გაზრდა დააანონსა.

























