მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია ანაკლიის პორტზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში?

615893522ab5b
დავით ჯალაღონია
03.10.21 09:00
5325
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე 2022 წელს 62 ათასი ლარით მეტი, 162 ათასი დაიხარჯება.

რაც შეეხება ამ ხარჯის მიზნებს და ამოცანებს, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მომავალ წელს გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ იგივე ჩანაწერი იყო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2020 წელს პარლამენტში წარადგინა, თუმცა ასევე მოცემული იყო ასეთი ჩანაწერიც:

"დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად".

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
განვითარება

                                                    2021 წლის გეგმა           2022 წლის პროექტი

მომუშავეთა რიცხოვნობა                              8                                8

ხარჯები                                                1,500.0                       1,490.0
შრომის ანაზღაურება                                  100.0                          162.0

არაფინანსური აქტივების ზრდა                       0.0                             10.0

სულ                                                      1,500.0                        1,500.0


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისათვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, აღნიშნულმა სააგენტომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში გადაინაცვლა და მისი ფუნქციებიც ხელახლა განისაზღვრა. ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები