მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა წერია ახალ საბანკო რეგულაციებში და როგორ აიღებთ სესხს დღეიდან - 1 იანვრიდან?

5c2a0109c4892
შოთა ტყეშელაშვილი
01.01.19 13:00
6262
რა წერია ახალ საბანკო რეგულაციებში და როგორ აიღებთ სესხს 1 იანვრიდან?

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის“პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდება. ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს მსესხებლის შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდებათ. ქვეყანაში დგინდება კოეფიციენტების სისტემა, რომლის დაკმაყოფილებაც ყველა მსესხებლისთვის იქნება სავალდებულო. კოეფიციენტები განსაზღვრავენ თუ რა შეიძლება იყოს თქვენ მიერ აღებული სესხის მაქსიმალური მოცულობა. ამასთანავე დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

სებ-ის მიერ დადგენილი 4 კოეფიციენტი მათი მაქსიმალური ჭერის მიხედვით ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
2) თვეში 1000-2000 ლარამდე, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);
3) თვეში 2000-4000 ლარამდე, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);
4) თვეში 4000 ლარზე მეტი, თქვენ შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ია.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული წესის მიხედვით, სესხის გაცემისას ნებისმიერმა საკრედიტო ორგანიზაციამ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს:
  • პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზი და სესხის საჭიროების შემოწმება;

  • გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება;

  • ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას;

  • ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე;

  • მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას.

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესი არ ეხება სამეწარმეო მიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამიზნულ სესხებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას” დადებითად აფასებს, თუმცა, საფინანსო სფეროს რეგულატორს - ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ყურადღებით მიადევნოს თვალი იმას, თუ რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილებები დაკრედიტების ზრდის ტემპს. თავისმხრივ ახალ სისტემაში ცვლილებების შეტანას არც ეროვნული ბანკის გამორიცხავს. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ აღსრულებაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთება, სებ-ი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საბანკო რეგულაციები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე სავარაუდოდ, ნეგატიურად იმოქმედებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ნეგატიური ეფექტი შესაძლოა 0.8%-იც იყოს (ანუ სისტემამ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 0.8%-ით შეამციროს), თუმცა, დაზუსტებით თუ როგორი იქნება ეფექტი წინასწარ დათვლილი არაა. ამასთანავე, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ადაპტირდება საფინანსო სექტორი ახალ მოდელზე და რა ტემპით შეძლებენ ბაზრისთვის ახალი, ინოვაციური საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” წესით შევა ძალაში საარსებო მინიმუმს უკავშირდება. საფინანსო ორგანიზაციას არ ექნება უფლება გასცეს ისეთი სესხი, რომლის მომსახურების შემდეგაც, თქვენ განსაკარგავი შემოსავლის სახით საარსებო მინიმუმზე ნაკლები გრჩებათ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავალია მაგალითად, თვეში 200 ლარი არცერთ საფინანსო ორგანიზაციას არ ექნება უფლება მოგცეთ ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადიც 25 ლარსა და 70 თეთრს აღემატება, რადგანაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ზღვარი 174.3 ლარია.

აღნიშნული ჩანაწერი ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავალი უკვე საარსებო მინიმუმზე - 174.3 ლარზე ნაკლებია, თქვენ სახელმწიფო სესხის აღებას იურიდიულად გიკრძალავთ, რადგანაც ამ დროს, რა თანხაც არ უნდა გადაიხადოთ სესხის მომსახურებაში, ის მაინც საარსებო მინიმუმზე ნაკლები იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ლეგალურ საკრედიტო ბაზართან წვდომა ეზღუდება.

საბანკო ასოციაცია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესი საფინანსო სექტორისთვის საკმაოდ მძიმე რეგულაცია იქნება.

ცვლილებები ქვეყანაში “ჭარბვალიანობის” პრობლემის შერბილების მიზნით იქნა მიღებული. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში “ჭარბვალიანობის” პრობლემა პირდაპირ საფინანსო სფეროში არსებულმა განსხვავებული რეგულირების მოდელმა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები