ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორმა მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს იმ ნუსხაზე იმსჯელა, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების მიხედვით კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი ბიზნესთან და პროფკავშირებთან შეთანხმებით. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების ახალი კანონი მხოლოდ ამ ნუსხით განსაზღვრულ სფეროებზე გავრცელდება.
კერძო სექტორი შემოთავაზებული ნუსხის მთავარ ხარვეზად ასახელებ იმ ფაქტს, რომ მასში მოცემულია ბიზნეს სექტორები მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული სამუშაო პოზიციები. ამასთან, ბიზნეს სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რეგლამენტირებული და სატნდარტიზებული შრომის უსაფრთხოების ნორმების არ არსებობა ბუნდოვანს ხდის იმას, თუ რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემოწმება სახელმწიფოს მხრიდან.
“დღევანდელი მოცემულობით გამოდის, რომ სხვადასხვა უწყებას გააჩნია თითქმის იდენტური, ერთი და იმავე სფეროს კონტროლის უფლებამოსილება. ამდენად, სამომავლოდ ჩანს ისეთი მდგომარეობა, რომ ერთ საკითხზე რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმებისა და შეჩერების შესახებაც კი“, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია.
ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რომელსაც ბიზნეს სექტორი ამ ეტაპზე განიხილავს. შეხვედრას, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

























