მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ფრენის გაუქმების დროს - რისი უფლება აქვთ Myway Airlines-ის მომხმარებლებს?

5c014d07b2662
სალომე მეცხვარიშვილი
30.11.18 20:00
1111
ავიაკომპანია My Way Airlines აცხადებს, რომ ზამთრის სეზონზე ფრენებს აჩერებს რომის, ბუდაპეშტისა და კიევის მიმართულებებით. ამის პარალელურად არიან ადამიანები, რომლებსაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ გაუქმებულ რეისებზე. 

რა უფლებები აქვს კომპანიას და მომხმარებელს, bm.ge-ს შეკითხვებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პასუხობს:

- გათვალისწინებულია თუ არა რაიმე ტიპის სანქცია ასეთ შემთხვევებში და რა უფლებამოვალეობები აქვს კომპანიას, რას ამბობს კანონი?

- ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საერთაშორისო საჰაერო ხაზზე რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები საქართველოსა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ავიაკომპანიის მიერ ფრენების შეჩერება არ ითვალისწინებს სანქციებს, თუმცა არსებული გარემოების დადგომის შემდგომ, ავიაკომპანია ვალდებულია შეასრულოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს “საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს N122 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. აღნიშნული ითვალისწინებს ფრენის გაუქმების შესახებ მგზავრის წინასწარ ინფორმირების და თანხის დაბრუნების ან ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტების შეთავაზების ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით (მეტეოპირობები, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოულოდნელი რისკები, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, გაფიცვა და სხვა მსგავსი მოვლენები) რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.

ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება.

- ჰქონდა თუ არა ინფორმაცია კომპანიის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს?

- ავიაკომპანია “Myway Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დღეს, 30 ნოემბერს მოეწოდა ინფორმაცია რეგულარული საჰაერო რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით. ავიაკომპანიის განმარტებით, ფრენები უქმდება დაბალი დატვირთვის კოეფიციენტიდან გამომდინარე შემდეგ საჰაერო ხაზებზე შემდეგ პერიოდებში:

• თბილისი-კიევი-თბილისი - 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე.
• თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი - 6 დეკემბრიდან 28 მარტამდე;
• თბილისი-რომი-თბილისი - 6 დეკემბრიდან 29 მარტამდე;

- შეჩერებული აქვს თუ არა კომპანიას ფრენები ამ დრომდე? რა მიმართულებებზე?

- ამ ეტაპზე ავიაკომპანიას შეჩერებული აქვს ფრენები ხარკოვის მიმართულებით.

- კომპანია აანონსებს სამომავლო მიმართულებებსაც, მაგალითად ინდოეთში, ჩინეთში. არსებული გადაწყვეტილების გამო, რომ ის ფრენებს აჩერებს, იქონიებს თუ არა ეს გავლენას სამომავლოდ სიხშირეების მოპოვებაზე?

-ფრენების შეჩერების შესახებ არსებული გადაწყევტილება ვერ იქონიებს გავლენას სამომავლოდ სიხშირეების მოპოვებაზე, თუ არ დადგინდება სხვა გარემოებები. მაგალითისთვის, თუ სააგენტომ დაადგინა, რომ ავიაგადამზიდველი ვერ ასრულებს თავის არსებულ და პოტენციურ ფინანსურ ვალდებულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები