ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე გადაცემა „არჩევანში“ მიიწვია.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, ხვალინდელი „არჩევანი“ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნება.
„გადაცემა არჩევანი მიეძღვნება განათლებას. საინტერესო სტუმრებთან ერთად, გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია განიხილავს ეროვნული გამოცდების და განათლების სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან თემებს. იმედია, განათლების სამინისტროდან ვინმე რელევანტური თანამდებობის პირიც დაგვდებს პატივს და აგვიხსნის, რას შვრებიან.
თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის საკითხს. ღიად და საჯაროდ, დებატებზე გიწვევთ ორივე მხარეს - გიგა ზედანიას და გიორგი ქადაგიძეს; შესაძლებლად არ განვიხილავთ თქვენი “შემცვლელების” თუ პოზიციის გამომხატველების გამოგზავნას. ან მოდიხართ პირადად, ან დებატებზე უარს ამბობთ. გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, რა ხდება, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი. დებატებზე არ მოსვლა უკიდურესად უცნაური იქნება და საკითხის საჯაროდ განხილვაზე უარად განიხილება. თუმცა, არ მოსვლაც პასუხია და თუ რა პასუხი, მაყურებელი გადაწყვეტს. ერთერთი მხარის არ მოსვლის შემთხვევაში, მოსულ მხარეს დაეთმობა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მეორე მხარის პრეტენზია ცალმხრივობაზე, ცხადია, აღარ მიიღება. გმადლობთ ყურადღებისათვის და გელოდებით ხვალ, რ2-ზე, „არჩევანში“ 22:00 საათზე“, - წერს გვარამია.
არხის გენერალური დირექტორის facebook პოსტს უკვე გამოეხმაურა გიორგი ქადაგიძე; ის მზადაა, „არჩევანში“ მიიღოს მონაწილეობა.
„აქვე ვადასტურებ მზადყოფნას. ასევე მადლობა ამ შესაძლებლობისთვის - განვიხილოთ არსებული რთული გამოწვევები“, - დაწერა ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა.
გვარამიას მოწვევა მიიღო ზედანიამაც.
"არ არის პრობლემა, მოვალ გადაცემაში. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ გუშინდელი PS-ის იმ სიუჟეტის სტანდარტით, რომელიც მეც მეხებოდა", - სოციალური ქსელიდანვე უპასუხა ზედანიამ ნიკა გვარამიას.
ცნობისთვის: ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც 24 საათს აძლევს.
გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან ერთად ილიაუნის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა.
რეორგანიზაციასთან ერთად ყოფილი დეკანი ითხოვს, არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლობით ორგანოების ისეთი კადრებით დაკომპლექტებას, რომლებიც უნივერსიტეტზე ამ მიმართულებით იმუშავებენ.
მის მოთხოვნებში ასევე შედის, რომ უნივერსიტეტის ფინანსები იყოს გამჭვირვალე.
ქადაგიძის თქმით, დაახლოებით, 15 მილიონი ლარიდან, რომელიც არის ბიზნესის სკოლის შემოსავალი, ბიზნესის სკოლაზე მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი იხარჯება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი თანხის სხვა მიზნებისთვის ხარჯვა ხდება.
„ვითხოვთ გაუქმებას იმ ფარსი რეორგანიზაციის, რომელიც შემოგვთავაზა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ; ვითხოვთ, არჩევნების თავიდან ჩატარებას, რომ ბიზნესის სკოლის წარმომდგენლობითი ორგანოები დაკომპლექტდეს იმ ხალხით, რომლებიც რეალურად დაიცავს ბიზნეს სკოლის ინტერესებს და რაც მთავარია, ამ პროცესებში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები კერძო სექტორის წარმომადგენლები - დამსაქმებლებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო; მე არ მინდა ულტიმატუმების და შანტაჟის ენით ლაპარაკი; მე მინდა, განხორციელდეს რეფორმები, რომელიც დადებს შედეგს“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
რაც შეეხება იმას, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ილიაუნის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის და სტუდენტების ნაწილის მოთხოვნებს 24 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილებს, ქადაგიძე ამ მიმართულებით სამომავლო აქტივობებს არ აკონკრეტებს.
გიორგი ქადაგიძესთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრას ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი პაპავაც ესწრებოდა.

























