მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე? - რუსუდან მაისურაძე

61a88f5b91598
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.21 13:14
2041
იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორის რუსუდან მაისურაძის ცნობით, ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix საქმეზე სასამართლო პროცესი მომავალი წლის 24 იანვარსაა ჩანიშნული. ინფორმაციას იურისტი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

BM.GE შეეცადა საქმესთან დაკავშირებით მისგან მეტი დეტალი მოესმინა, თუმცა რუსუდან მაისურაძე ამბობს, რომ დროისთვის სხვა დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. 

„თუ ვინმეს გაინტერესებთ რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე, „ნეტფლიქსმა“ გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამოიყენა და კალიფორნიის SLAPP (strategic lawsuit against people’s participation) სამ. აქტის საფუძველზე დააყენა წერილობითი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს ორივე მხარისგან გარკვეული დოკუმენტები (ჩვენებები) წარედგინა. ამერიკელი ადვოკატები BLB გუნდთან ერთად შესაგებელზე მუშაობენ. ჩვენ საქმის ფაქტობრივი გარემოებები თავისი მტკიცებულებებით უკვე დიდი ხანია გადავუგზავნეთ.

დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, დავით გურგენიძეს დეტალური ინფორმაციის მოწოდების და ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის. ყველაფერი მზადაა. პროცესი, ამ ეტაპზე 24 იანვარს არის ჩანიშნული. ჯერ არ არის ცნობილი ონლაინგაიმართება თუ ტრადიციული ფორმით.

ჩვენ ვაპირებთ დავესწროთ პროცესს თუ ის ტრადიციული ფორმით გაიმართება. როგორც გვარწმუნებენ, საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი საფუძვლები გვაქვს. დაველოდოთ... ნებისმიერ მნიშვნელოვან სიახლეს გაცნობებთ.
საჯარო მასალები აიტვირთება BLB ოფიციალურ გვერდზე“, - წერს რუსუდან მაისურაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. ნიუ-იორკ თაიმსი კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“. BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები