მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხდება სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე?

5cb3337986884
მარიამ ადამია
14.04.19 19:00
1106
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის გვანცა ჯობავას განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე საქართველოში, 2013 წლიდან უამრავი პრობლემა დაგროვდა. ამ თემაზე მან გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

მისი თქმით, პრობლემები მაშინ დაგროვდა, როდესაც ქვეყანაში უფასო სახელმძღვანელოების სისტემა შემოვიდა, რაც ერთის მხრივ სასარგებლო იყო, თუმცა მეორე მხრივ საავტორო უფლებების დარღვევით განხორციელდა.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დაზარალებული სექტორი გავაუმჯობესოთ და ამ პროცესებში ჩართულია მსოფლიო ფორუმიც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ჩამოდიან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში საქართველოში, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. იგეგმება პირველი კონფერენცია, პანელ-დისკუსიების ფორმატში, სადაც უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივი ექსპერტები მიმოიხილავენ ყველა იმ საკვანძო თემას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული სახელმძღვანელოებისთვის. იმედი გვაქვს, მათ რკომენდაციებს გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება, ვინც აწარმოებს დღეს გრიფირების პროცესს", - აღნიშნა გვანცა ჯობავამ.

მისი თქმით, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 5-6 წლის მანძლზე განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს ბაზარზე კატასტროფული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს.

"5 წლის განმავლობაში იყო ძალიან მძიმე პერიოდი ქართული გამომცემლებისთვის, ეს იყო ფინანსური კრიზისის მათთვის. მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანაში, საზოგადოებაში, არც ისე მაღალია ცნობადობა საავტორო უფლებების შესახებ, აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარად პოპულისტური ნაბიჯი და ჩვენ გაგვიჭირდა საზოგადოებისთვის აგვეხსნა, რეალურად რაში მდგომარეობდა პრობლემა. ამიტომაც შეჩერდა სახელმძღვანელოების განვითარება და დაუვარდა სასკოლო წიგნებს ხარისხი. კარგია, ერთის მხრივ, რომ სახელმძღვანელო უფასოა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ავტორებს და გამომცემლებს ჰქონდეთ პირობები, იმუშაონ და შექმნან ხარისხიანი პროდუქტი", - განაცხადა გვანცა ჯობავამ.

მისი თქმით, ბაზარზე მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რადგან სამინისტრო და სახელმძღვანელოების გამომცემლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, თუმცა ახლა საუბარია ბევრ შიდა პრობლემაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები