მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხედვას ირჩევს Amazon ჯანდაცვის სექტორში გააქტიურებისთვის?

5c1a12260e245
მარიამ ადამია
19.12.18 14:20
828
Amazon-მა შეიძლება საკმაო დრო დაუთმოს ახალი ინიციატივების გაანალიზებას და სისრულეში მოყვანას, თუმცა, საბოლოოდ, რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოს გიგანტმა - იქნება ეს ონლაინ გაყიდვები, ქლაუდის კომპიუტერული სისტემები თუ სუპერმარკეტისა მართვა, ყველა ახალ წამოწყებს ის თანაბარი ამბიციურობით ხვდება.

ამჯერად, როგორც ჩანს, ჯანდაცვის დრო მოვიდა.

წელს კომპანიამ $3.5 ტრილიონიანი სექტორის ნიადაგი რამდენიმე საინტერესო მიმართულებით უკვე მოსინჯა. მათ შორის:

• Berkshire Hathaway-სა და J.P. Morgan-თან პარტნიორობით დაიწყო დამსაქმებელთა ჯანდაცვის მიმართულებით იდეების შეჯერება;
• პირველი ინტერესი გამოავლინა ფარმაცევტული სფეროს მიმართ - კერძოდ, შეისყიდა ინტერნეტ-ფარმაცევტული სტარტაპი Pill Pack-ი;
• მოსინჯა სამედიცინო დიაგნოსტიკის მიმართულება - კონკრეტულად, შინტესტირების მიმართულებით;
• Alexa-ს დაუმატა გაციებასა და ხველაზე ექიმთან ზარით რეაგირების ფუნქცია;
• საკუთარ პლატფორმაზე მეტი სამედიცინო პროდუქტი დაამატა;
• განაცხადა ახალი პროდუქტის შესახებ, რომელიც პაციენტის სამედიცინო მონაცემებს დაამუშავებს;
• საკუთარი თანამშრომლებისთვის აამუშავა საკუთარი სამედიცინო კლინიკა;

ანალიტიკოსები ახლა თავს იმაზე იმტვრევენ, თუ რა სქემით იმუშავებს დოქტორი ამაზონი. ერთი რაც მეტ-ნაკლებად უფრო ცხადია, ის არის, რომ რადგან ამაზონმა უკვე შეისყიდა Whole Foods-ი, შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოს ჯანსაღი კვების მიმართულებას - მაგალითად, ააწყოს ვებ-ზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შესთავაზებს ჯანსაღი კვების რეცეპტებს, გზამკვლევებს და თუნდაც, მზა ჯანსაღ საკვებს.

ზოგი ანალიტიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ ელექტრონული კომერციის ფართო ქსელის მონაცემების და უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე, ამაზონმა, საბოლოოდ, შეიძლება ისეთ ერთ კონკრეტულ საკვებსაც კი მიაგნოს, რომელსაც ხალხის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით დადებითი ეფექტი ექნება.

CNBC-მა ბევრი ექსპერტი და ანალიტიკოსი გამოკითხა იმ გავლენაზე, რაც ჯანდაცვის სექტორში ამაზონის გააქტიურებას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებისთვის და საბოლოოდ, კონკრეტული სქემის საფუძველზე ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინა იმ ციკლის ვიზუალიზება, რაც შეიძლება ამაზონმა ჯანდაცვის სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდებისთვის გამოიყენოს.

ნაბიჯი #1: პაციენტს უვლინდება გაციების ან ხველის სიმპტომები;
ნაბიჯი #2: პაციენტი ექიმთან კონსულტაციას გადის ონლაინ;
ნაბიჯი #3: პაციენტი სახლის პირობებში იტარებს მტკივანი ყელის ტესტირებას;
ნაბიჯი #4: ვირტუალური ექიმი უწერს რეცეპტს და უდგენს მკურნალობის კურსს;
ნაბიჯი #5: ამაზონის Pill Pack-ის სერვისი ვირტუალური ექიმის მიერ გამოწერილ წამალს პაციენტს სახლში უგზავნის;

დღეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერდეს ასე აწყობილი სამედიცინო ციკლი, მაგრამ არა მათთვის, ვინც ონლაინ გიგანტის განვითარებას ახლოდან აკვირდება ან ვინც პირდაპირ ამაზონში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები