დღეს ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია "ფრეგოს" დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის აქტივები და საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
როგორც ცნობილია, თოფჩიშვილს დღგ-ის ყალბი ანგარიშგებების საქმეში მონაწილეობას ედავებიან.
"ფრეგო" 2013 წლის 20 მარტს დაარსდა, მისი სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა.
კომპანია საქართველოში ნავთობის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. მისი 75%-იანი წილის მფლობელი არის დაკავებული გიორგი თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანი.
კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, "ფრეგოს" აქტივების ზომა 11.5 მილიონი ლარია, კომპანიის შემოსავალი კი წლის განმავლობაში 74 მილიონ ლარს შეადგენდა. დოკუმენტის მიხედვით, "ფრეგომ" 2017 წელი 2.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.
ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 1 ნოემბერს კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ზარალიანი ავტოგასამართი სადგურების დახურვას, ადმინისტრაციული თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საიჯარო ქირების შემცირაბას. შედეგად, 26 ავტოგასამართი სადგური დაიხურა.
"2018 წლის დეკემბრიდან კომპანია გავიდა წმინდა მოგებაზე. მოგებით დასრულდა ასევე 2019 წლის იანვრის თვეც", - ნათქვამია წლიურ ანგარიშში.

























