მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ზრდის ფასებს საქართველოში? - გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 08.02.2026

დღევანდელი ეპილოგი მივუძღვნათ ერთ-ერთ მთავარ თემას საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც პროდუქციაზე ვეებერთელა მაღალ ფასებს უკავშირდება როგორც ადგილობრივზე ისე იმპორტულებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ფასები ძალიან მაღალია ასევე სერვისებზე. დიახ, სერვისებზე რომელზეც ფასს ძირითადში სახელმწიფო აწესებს - მოდი გადავხედოთ, ვიდრე მთავრობა და ახლა უკვე პარლამენტი წუხან და შფოთავენ მაღალ ფასებზე და სუსი ფასის ზრდის მიზნით ცალკეულ ბიზნესებს და ინდუსტრიებს აქტიურად ეკონტაქტება, ეტყობა გამორჩათ ქართულ ოცნებაში მათივე მიღებული გადაწყვეტილებები, რომ სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელიწადია განუხრელად იზრდება, და სახელმწიფო ბიუჯეტი ფულით ივსება რომელიც ბოლო წლებში სისტემური კორუფციის და ასეულობით მილიონობით ლარის დატაცების ობიექტი იყო ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული ჩინოვნიკების მხრიდან. მაშ ასე რომელი მოვიყვანოთ მაგალითად? მაგალითად ავიღოთ პირადობის მოწმობა: თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს, მისი ფასი 60 ლარია.პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. 2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს. იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება, ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი; იმავე დღეს – 150 ლარი. 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ. დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი, 24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს 350 ლარი. სხვაც გაინტერესებთ? - გაძვირდა ქონების რეგისტრაცია. გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა. გაძვირდა ბიზნესის რეგისტრაცია. გაძვირდა ავტომობილის რეგისტრაცია.2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა. 2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი. თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია. ქონების რეგისტრაცია – ღირდა 55 ლარი, გახდა – 150 ლარი. ბიზნესის რეგისტრაცია 110 ლარის ნაცვლად ახლა 200 ლარი ღირს – ვადა 1 სამუშაო დღე. თუ განცხადების შეტანის დღესვე გსურთ რეგისტრაცია, ღირებულება 400 ლარია. როგორ ფიქრობთ ბრინჯზე და კვერცხზე 5 თეთრით თუ დაიწევს გადასახადი, ან და ავტომობილის ჩამოყვანაზე და მის რეგისტრაციაზე რითაც ნახევრზე მეტი საქართველოა ჩართული დღეს ორმაგი გადასახადები რომ ხვდება მოქალაქეებს ეს რიგითი ქართველის ყოფას უკეთესს გახდის?ფასების დაწევა არის ურთულესი ამოცანა,და მისი შედარებით იოლად შესრულება ანუ ფასის მყისიერი დაწევა ადმინისტრაციული მეთოდებით ან პირადი კომუნიკაციით შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ხელში უტყუარი მტკიცებულება გაქვს რომ კონკრეტული ბიზნესი ან სახელმწიფო სერვისი გადაჭარბებული ფასით სარგებლობენ.ანუ ნახულობენ ზედმეტ მოგებას. ფასნამატს როცა იტყვიან და იტყვიან და მიაყოლებენ რამდენიმე სართულიან პროცენტებს, იცოდეთ მაინც რომ ამას გულისხმობენ. და კიდევ ერთი: მაღალი ფასებით ქვეყანაში პირველ რიგში ხეირობს სახელმწიფო, ბიუჯეტში შედის მეტი ჩვენივე გადახდილი და ზოგიერთი მარდი ჩინოვნიკი არის იმ ფასნამატის ნაწილი ანუ წილში, კონკრეტულ ბიზნესში რომელიც ასევე ჩვენს ხარჯზე ყვავის. ისევე როგორც ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ არნახული ეკონომიკური ზრდა ნაკლებად, მაგრამ აი კოვიდის და ყველა უბედურების პირობებში რაც საქართველომ გამოიარა, არნახული მასშტაბის სისტემური კორუფციის სახელმწიფო მივიღეთ, რომელიც რუდუნებით ყალიბდებოდა ბოლო 13 წლის განმავლობაში, ხოლო ახლა არის მცდელობა, მისი განსხვავებული განვითარების მიმართულებით გადასმა-გადაყვანისა. ვინ აანაზღაურებს ასეულობით მილიონი ლარის ნაპარავს ჩვენი თანხებისა - ამაზე პასუხი არ არის, ისევე როგორც საქართველო ჯერ კიდევ რჩება ქვეყნად სადაც ქურდები და მომპარავები მეტად უყვართ ვიდრე ბიზნესმენები და საქმიანი ადამიანები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები