“თიბისი კაპიტალის” შეფასებით დოლარის მიმართ ლარის გამყარების მიუხედავად, ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით სუსტია, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში კი, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე ლარის მეტ სიმყარეში აისახება.
“ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ “თიბისი კაპიტალის” მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით უფრო სუსტი რჩება. კერძოდ, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს”, - ნათქვამია “თიბისი კაპიტალის” მაკროეკონომიკურ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, ისიც, რომ ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა, ინფლაციის დინამიკისგან დამოუკიდებლადაც, მისი გამყარების ალბათობას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე უცხოური ვალუტის შემოსვლის ფონზე ეროვნული ბანკი აქტიურ ინტერვენციებს ახორციელებს, რაც რეზერვების ზრდაშიც აისახება. ივლისის მდგომარეობით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ივნისთან შედარებით 7.1%-ით, ანუ $331 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.




























