TBC Capital-ის ინფორმაციით, საქართველოში ცემენტი უმეტესად ადგილობრივად იწარმოება, თუმცა ცემენტის წარმოებისთვის მთავარი ნედლეული კლინკელი იმპორტირებულია. გასულ წელს ცემენტი კიდევ გაძვირდა და საშუალო ფასმა ტონაზე 236 ლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში, რომელიც სამშენებლო სექტორს ეხება, ასევე წერია, რომ 2024 წელს ცემენტის ადგილობრივმა წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს 3.1 მლნ ტონას მიაღწია, რითაც მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 94% დაკმაყოფილდა. იმპორტი მცირე მოცულობით (184 ათასი ტონის ფარგლებში) გახდა საჭირო. 2025 წლის 9 თვეში ადგილობრივმა წარმოებამ 2.29 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით 1.9%-იანი კლებაა.
2024 წელს ცემენტზე მოთხოვნა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 3.25 მლნ ტონა შეადგინა. ზრდა განაპირობა მაღალმა სამშენებლო აქტივობამ საცხოვრებელ, კომერციულ და ინფრასტრუქტურულ სეგმენტებში. TBC Capital-ის თანახმად, ცემენტის მიმართულებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია (2019 წლიდან 93%-ს აღემატება), თუმცა სექტორი კვლავ დამოკიდებულია იმპორტირებულ კლინკერზე, რომელიც ცემენტის წარმოებისთვის ძირითადი ნედლეულია.
2019 წლიდან საქართველოში ცემენტის ფასებს ზრდადი ტენდენცია აქვს: ტონაზე 132 ლარიდან 2024 წელს ფასი 232 ლარამდე გაიზარდა. ფასის ყველაზე მკვეთრი ზრდა 2020-2022 წლებში დაფიქსირდა, რაც ძირითად კლინკერის იმპორტის გაძვირებით იყო გამოწვეული. ფასზე ასევე მოქმედებდა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის გაძვირება. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ცემენტის საშუალო ფასმა ტონაზე 236 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, TBC Capital-ის შეფასებით, 2020-2022 წლებში საქართველოს სამშენებლო სექტორში მასალების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, ნედლეულზე ფასების მკვეთრი მატებითა და გაზრდილი მოთხოვნით იყო გამოწვეული. ამას მოჰყვა 2023-2025 წლების ეტაპი, როდესაც ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულებზე დასტაბილურდა. ამან პირდაპირი გავლენა იქონია ინფრასტრუქტურული მშენებლობის თვითღირებულებაზე, განსაკუთრებით გზებისა და მასშტაბური სამოქალაქო საინჟინრო პროექტებში.




























