მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაც ზღვის დაბინძურებაზე შემოვიდა გაფრთხილება, Booking-ზე ყველანაირი აქტივობა შეწყდა“ – „შალე კვარიათი“

64998b76158b3
სალომე ხიდურელი
26.06.23 23:20
1909
„წინა წელი საკმაოდ დატვირთული იყო, ამ წლის ივნისი-ივლისთან შედარებით, booking-ზე, AirBnB-ზე, ლოკალურ გაქირავების საიტებზე დაინტერესება მეტი იყო“ - ამის შესახებ BM.GE-ს ტურისტული ობიექტი „შალე კვარიათის“ მარკეტინგის მენეჯერმა თეკო ტუხაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, აქტივობის შემცირება უკრაინაში, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის დაბინძურების პოტენციური რისკი გახდა.

„რაც ზღვის დაბინძურებაზე შემოვიდა გაფრთხილება, Booking-ზე ყველანაირი აქტივობა შეწყდა, რაც, სამწუხაროდ, ტურისტების რაოდენობაზეც აისახა. ჯავშნები, რაც გვქონდა, ნელ-ნელა გაგვიუქმდა, ჩვენც ძალიან გაკვირვებულები დავრჩით. თუმცა ვინაიდან ჩვენი სასტუმრო ზღვისპირა კურორტის ტიპისაგან განსხვავებული კონცეფციისაა, კვარიათის მთებში განთავსებული კოტეჯები გვაქვს, ასე თუ ისე, შევინარჩუნეთ დამსვენებლები და უკმაყოფილოები არ ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევამ იმოქმედა ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლების რაოდენობაზე“, - ამბობს თეკო ტუხაშვილი.

„შალე კვარიათი“ სამი კოტეჯისგან შემდგარი ტურისტული კომპლექსია. თითოეულ კოტეჯს, თეკო ტუხაშვილის თქმით, ორი იზოლირებული საძინებელი, სამზარეულო, ორი სველი წერტილი და საერთო აქტივობებისთვის გამოყოფილი რეკრეაციული სივრცეები აქვს.

„საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფიქსირებული ფასი გვქონდეს. წელსაც არ დაგვირღვევია ეს ტენდენცია და ფასი ის შევინარჩუნეთ, რაც წინა წლებში გვქონდა. ერთი ღამის ღირებულება კი სეზონურობაზეა დამოკიდებული და 350-დან 400-ლარამდე მერყეობს“,- განაცხადა მან. 

რაც შეეხება სასტუმროს სამომავლო გეგმებს, როგორც „შალე კვარიათის“ მარკეტინგის მენეჯერი BM.GE-სთან აღნიშნავს, მათი გუნდი ყოველწლიურად მუშაობს, რომ დამსვენებელს სიახლე შესთავაზონ.

„ჩვენს დამსვენებლებს, განსაკუთრებით უცხოელებს, ძალიან უნდოდათ, რომ მანქანით გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. წელს მოვახერხეთ, ეს პრობლემა მოგვეგვარებინა და კოტეჯებისთვის საერთო მოხმარების ავტომობილი შევიძინეთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ დამსვენებელს რამე განსხვავებული შევთავაზოთ და ჩვენი სივრცეც უფრო გავაუმჯობესოთ. სამომავლოდ გვინდა, რომ გარე სივრცე და ჩვენთან მოსასვლელი გზა მთლიანად გავამწვანოთ“, - აღნიშნავს თეკო ტუხაშვილი.

„შალე კვარიათის“ წარმომადგენელს კვარიათის ტურისტულ პოტენციალზეც ვესაუბრეთ:"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ობიექტი ზღვიდან, დაახლოებით, 800 მეტრშია, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთან მოსასვლელი გზა. დისკომფორტს ქმნის, როცა ჩვენთან დამსვენებელს ზღვაზე უნდა ჩასვლა და ფეხით უწევს, რადგან ძალიან ცუდი გზაა. ჩვენთვის და ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის დიდი დახმარება იქნებოდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, რადგან გზად მრავალი საოჯახო სასტუმრო თუ მოსასვენებელი სივრცეა და გზებისთვის ყურადღების დათმობა ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს“, - ამბობს თეკო ტუხაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები