რაჭის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის რეგიონს მასშტაბური და კომპლექსური განვითარების გენერალური გეგმა სჭირდება. ადგილობრივი სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დღის წესრიგში, უნდა დადგეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფა და მსხვილი ინვესტორების მოზიდვაზე მუშაობა.
როგორც „გარემოს“ დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა რაჭისადმი ინტერესი მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლების მხრიდან მოდის, შესაბამისად აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებზე მეტი პიარ კამპანიის განხორციელება.
„რაჭის ტურისტული პოტენციალი ძალიან დიდია, თუმცა წლების განმავლობაში ეს პოტენციალი სათანადოდ ვერ დაინახეს იმ ადამიანებმა, ვისი პასუხისმგებლობაც ქვეყნის ტურიზმის განვითარებაა. აქ ცენტრალურ ხელისუფლებას ვგულისხმობ. მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ რაჭაში შემოვიდნენ მსხვილი ინვესტორები და ინვესტიციები განახორციელონ იმ მრავალ ტურისტულ ლოკაციაზე, რომელიც რეგიონში არსებობს.
ამისთვის საჭიროა ჯერ ამ ადგილების კვლევა, აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ყველაფერს კერძო სექტორი მარტო ვერ გააკეთებს. ბიზნესი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც შეუძლია, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.
ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდება რეგიონს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს. საჭიროა, სახელმწიფომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. დიალოგი მოგვცემს შესაძლებლობას, კონკრეტული და რეალური ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი დიალოგი დღეს არ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრება და მათი მოსმენისთვის შესაბამისი მზაობა მათი მხრიდან ჯერ არ არის
დღეს ტურისტს რაჭაში დახვდება სასტუმრო და კვების ობიექტები, მაგრამ ამის შემდეგ ჩნდება კითხვა რა უნდა გააკეთოს? თანამედროვე მოგზაურს სწორედ სათავგადასავლო ტურიზმი, ახალი გამოცდილება და აქტივობები აინტერესებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გვაქვს. ვერ ვთავაზობთ სიახლეებს, გასართობ სივრცეებს და იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც თანამედროვე ტურისტი ეძებს. სწორედ ამიტომ გვიჭირს საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვაც.“ - განაცხადა დავითულიანმა.
როგორც „გარემოში“ აცხადებენ, რაჭის სეზონი წელიწადში არასრულ 2 თვეს გრძელდება, რის გამოც ხშირად განთავსების ობიექტები წაგებაზე მუშაობენ.
„ზაფხულში მოთხოვნა ძირითადად შიდა ტურისტებზე მოდის და ისიც მხოლოდ ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე. რეალურად, სეზონი ორ თვემდეც არ გრძელდება. მიუხედავად ამისა, განთავსების ობიექტების რაოდენობა მუდმივად იზრდება და უკვე იმაზე მეტიც არის, ვიდრე არსებული მოთხოვნა. მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ნიშა აქვს ნაპოვნი. ბევრი ობიექტი დღესაც ფუნქციონირებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და, ფაქტობრივად, გადარჩენის რეჟიმშია. არაერთი მათგანი უკვე გაყიდვაზეც არის გამოტანილი.
რაჭას აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად განვითარდეს როგორც აგროტურისტული, ისე სათავგადასავლო და გასართობი მიმართულებით. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმ სრულფასოვან ტურისტულ პროდუქტს, რომელიც დამსვენებელს სჭირდება.
რეგიონს სჭირდება ოთხივე სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ტურიზმს მთელი წლის განმავლობაში აამუშავებს. ამას სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა და ძლიერი საერთაშორისო PR-კამპანია სჭირდება, რათა რაჭა საერთაშორისო ბაზრებზე სწორად და ეფექტიანად წარმოჩნდეს“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას თამარ დავითულიანმა.



























