მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება

6347f6523ec5b
თამთა ჯიჯავაძე
14.10.22 09:21
826
საქართველოს მთავრობის ინიციატივით რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი გამზადებულია და მასზე პარლამენტში მსჯელობენ.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, კანონის ძირითადი მიზნები რაჭის ეროვნული პარკის შექმნა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნაა. რაჭის ეროვნული პარკი იქმნება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 50 835 ჰექტარს. ხოლო რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა (საერთო ფართობი − 550 ჰექტარი).

კანონი დამტკიცების შემთხვევაში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები) და დონორი ორგანიზაცია (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)). კერძოდ, 2023 წელს საჭირო იქნება დაახლოებით 1 156 400 ლარი საიდანაც 356,400 ლარი (შრომის ანაზღაურება) გამოყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 800,000 ლარი დონორი ორგანიზაციის მიერ. 2024-2026 წლებში ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მინიმალური თანხა იქნება 1,069,200 ლარი (შრომის ანაზღაურება), ხოლო სხვა საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ.

ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები