რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ წელში, მეღვინეობა "ღვინუკას" ტერიტორიაზე ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რომელმაც გასულ ზაფხულს სტუმრებს პირველად უმასპინძლა. როგორც "წესის მამულისა" და "ღვინუკას" დამფუძნებელი, ზუკა მაისაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, ივნისიდან აგვისტომდე სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, მიზანი კი ამ დატვირთულობის არასეზონურ პერიოდებში, მაგალითად, შემოდგომის რთველის დროს გადმოტანაა.
"სოფელ წესში საოჯახო სასტუმრო "წესის მამული" გავხსენით. პროექტი ₾150 000 დაჯდა და სოფლის განვითარების სააგენტოს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი თანაინვესტირებით განხორციელდა. მოხდა 5 ნომრის მოწყობა, იმავე ტერიტორიაზე სადაც "ღვინუკას" მარანი გვაქვს. ჩვენი მიზანია, აქ კარგი აგროტურისტული ჯაჭვი შევკრათ.
პირველი სატესტო წელი იყო, გვყავდა ტურისტები გერმანიიდან, ისრაელიდან, რა თქმა უნდა, ქართველი ტურისტებიც იყვნენ. ამ საქმიანობას, რა თქმა უნდა, სეზონურობა ახასიათებს, ნამდვილად ივნისი-ივლისი-აგვისტო საკმაოდ კარგი იყო, გამოცდილება დავაგროვეთ, თუმცა ბევრი გამოწვევაა და ვმუშაობთ იმაზე, რომ რთველის პერიოდშიც იყოს იგივე ან დაახლოებით იგივე დატვირთულობა, რაც ზაფხულში გვქონდა; გვქონდა პერიოდები, როდესაც მთლიანად დაჯავშნილი იყო, არა 1 და 2 დღით, არამედ განთავსების საშუალო ხანგრძლივობა იყო 6-დან 8 დღემდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია პირველივე წლისთვის", - აღნიშნა ზუკა მაისაშვილმა.
როგორც იგი ამბობს, 2025 წლის ზაფხული როგორც "წესის მამულისთვის", ასევე, მთლიანად რაჭის რეგიონისთვის ტურისტულად განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
მიუხედავად გაუმჯობესებული პირობებისა, რეგიონში გამოწვევებიც რჩება, რაც, განთავსების ობიექტის შემთხვევაში, კადრების დეფიციტს გულისხმობს.
"რაჭაში ბევრი საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაჩნდა, განვითარდა ინფრასტრუქტურა და აღარ აღიქმება, რომ რაჭა ძალიან შორია, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ჩასვლა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ამას ხელს უწყობს აეროპორტიც. რა თქმა უნდა, ადგილზე სერვისის მიმართულებით ბევრი გამოწვევა რჩება, თუმცა ესეც იხვეწება. სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიის შემდგომ, დამსვენებლები ჩამოსვლისგან თავს იკავებდნენ, თუმცა წელს ნელ-ნელა უბრუნდებიან რაჭას, როგორც ტრადიციული დასვენების ადგილს.
საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო კადრების დეფიციტიც, დამსვენებლების დიდი ნაწილი კვებით უზრუნველყოფას ითხოვს, რაც რაჭაში ძალიან რთული იყო. ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, ვინც სარესტორნო ბიზნესში არიან, შევძელით, რომ წლევანდელი წელი ნორმალურად გადაგვევლო, კარგი შეფასებებიც მივიღეთ დამსვენებლკებისგან, როცა მათგან მაქსიმალურ კრიტიკულობას ვითხოვდით, რაღაც ხარვეზები რომ გამოგვესწორებინა შემდეგი წლისთვის და უკეთ მოვმზადებულიყავით, თუმცა კადრების დეფიციტი ნამდვილად არის, მხოლოდ კვება არ არის სასტუმრო ბიზნესი, არის დალაგება, დახვედრა, ადგილზე ყურადღების მიქცევა - საკმაოდ დიდი გამოწვევაა და სეზონურობა ახასიათებს", - განაცხადა ზუკა მაისაშვილმა.
BM.GE-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზუკა მაისაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ორი ბრენდის, "ღვინუკასა" და "წესის მამულის" შერწყმაა, რათა მათივე წარმოების ღვინო არა გარე ბაზრებზე, არამედ მარნის ტერიტორიაზევე რეალიზდეს: "წელს უკვე გვქონდა ეს პრეცედენტი, თითქმის ყველა დამსვენებელი იყო ჩვენი ღვინის აქტიური მომხმარებელი და საბოლოოდ გვინდა, რომ "ღვინუკა" ჩვენი სივრციდან აღარ გადიოდეს, როგორც ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, და მხოლოდ ადგილზე შეიძლებოდეს მისი დაგემოვნება".




























