საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-თან ერთად რაჭის განვითარების კონცეფცია 2016 წელს მოამზადა.
კურორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი რეგიონში საერთაშორისო დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, კერძოდ - შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში.
როგორც bm.ge-ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ განაცხადა, ერთ-ერთ კურორტთან დაკავშირებით ფონდი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორთან;
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკურორტო ზონას, დანელია ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც არიან დაინტერესებული მხარეები.
მისი ინფორმაციით, ინვესტორი წინამოსამზადებელ კვლევებს უკვე აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგ ზუსტად გახდება ცნობილი, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება რეგიონში.
მიუხედავად ამისა, დანელია ამბობს, რომ მაღალი კლასის კურორტის მოწყობაზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაიხარჯება.
რაჭის განვითარების კონცეფციის თანახმად, რეგიონში საერთაშოროსო ბრენდის 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა აშენდეს.
კონცეფციის ავტორების გათვლებით, გაწერილი გეგმის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია 59 მილიონი დოლარით, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას.

























