მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში რთველი დაიწყო - ხვანჭკარის მიკროზონაში სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს

ხვანჭკარა

რაჭაში რთველი დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.

პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. პროცესის შეფერხებისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, რთველის შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდება.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

კერძოდ, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების „ხვანჭკარასა“ და „რაჭას“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ მოსავალს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი უკვე ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც, სადაც 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი. თუმცა, უწყება არ წერს, რამდენი ჩაიბარა კერძო სექტორმა და რამდენი სახელმწიფო კომპანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები