მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა" - როგორია რთველის შედეგები?

ვენახი

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 326,4 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული; აქედან 320 ათასი ტონა კახეთში, 3 ათასამდე ტონა რაჭაში და დანარჩენი მევენახეობის სხვადასხვა რეგიონში - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რაჭაში ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.

შესაბამისად, წლევანდელი 3 ათას ტონიანი მოსავლით, რაჭაზე საქართველოს მასშტაბით გადამუშავებული ყურძნის 0.91% მოდის.

"რაჭაში გადამუშავებულია 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია.

მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა მათმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას თქმით, რაჭაში წლევანდელი მოსავალი შარშანდელს 80%-ით აღემატება.

"მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

რაჭის რეგიონში რთველის სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები