რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ახალი გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რეგიონის მთავარ პრობლემად მიგრაციასა და უმუშევრობას ასახელებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ "საქმის კურსს" განუცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა მისთვის სწორედ ეს ორი მიმართულებაა. არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ მთის შესახებ კანონმა, რომელიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სიტუაცია გააუმჯობესა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ადგილზე დააბრუნა, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.
არჩილ ჯაფარძე, რომელიც მანამდე რაჭის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ რეგიონის მიმართ გაზრდილია ინტერესი და განსაკუთრებულად არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ამან ბიზნესს ადგილზე კერძო ინვესტიციების განხორციელებისკენ უბიძგა.
გუბერნატორის ინფორმაციით, მხოლოდ "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რაჭიდან დაახლოებით 500 ბენეფიციარია, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ საოჯახო სასტუმროებს მოიცავს. არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ გარდა მცირე სასტუმროებისა ადგილზე შენდება შედარებით მასშტაბური დასასვენებელი სახლებიც.
მისი თქმით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე რაჭაში 2 სასტუმროს მშენებლობა დასრულდება. საუბარია ამბროლაურში, სანატორიუმის შენობაში აუქციონის გზით გასხვისებულ შენობაზე, სადაც 30-ნომრიანი სასტუმრო უნდა გაიხსნას. აგრეთვე სასტუმრო შენდება შოვშიც.
არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ გარდა ამ პროექტებისა ონში შენდება ჰიდროელექტროსადგური.
რაც შეეხება სახელმწიფო ინვესტიციებს, მისი თქმით, კეთდება საჩერეს-რაჭის მიმართულებით გზა, მალე დასრულდება შოვის მიმართულებით გზის მოასფალტება, ასევე, ხდება მრავალძალის, შქმერის გზების მოასფალტება. გუბერნატორის ინფორმაციით, ამბროლაურსა და ცაგერში მოეწყობა სპორტის სასახლეები,ასევე, რემონტდება სკოლები და საბავშვო ბაღები.

























