მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭის დაცული ტერიტორიები ფართოვდება - რომელ მღვიმეებს მიენიჭება ბუნების ძეგლის სტატუსი?

რაჭა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო ინიციატივის მიღება განპირობებულია რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის/გაფართოების შესაძლებლობის კვლევით მიღებული შედეგებით, რომელიც მთავრობის ინფორმაციით 2024 წელს საერთაშორისო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს რაჭის დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებას, მათ შორის:

რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება – ფართობი იზრდება 4,759 ჰექტარით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნა – ფართობი განისაზღვრება 50,240.4 ჰექტარით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

კარსტული მღვიმეებისთის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება – დაარსდება საკიშორის, შარეულას, უშოლთის, მურადის და კიდობანას მღვიმეების ბუნების ძეგლები, რომლებიც განლაგებულია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში.

კანონპროექტის თანახმად, რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებული ნაწილისა და ბუნების ძეგლების მართვას განახორციელებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისთვის 2026 წელს საჭირო დამატებითი 214,860 ლარის ოდენობის დაფინანსება დონორი ორგანიზაციების მიერ სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გადაეცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ადმინისტრაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 2026-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით 1,947,043 ლარის გამოყოფაა საჭირო.

ადმინისტრაციების შექმნის შედეგად, დაცულ ტერიტორიებზე დამატებით 24 საშტატო ერთეული დასაქმდება.

კანონი ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ნაწილი (21,838 ჰექტარი) ეროვნული პარკის სტატუსს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას მხოლოდ 2031 წლის 1 იანვრიდან გადაეცემა. ეს გადავადება განპირობებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დაგეგმილი სამეურნეო ჭრებითა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები