მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის და ბუნების ძეგლების დაარსება - რას გეგმავს მთავრობა?

რაჭის ეროვნული პარკი

მთავრობა რაჭის ეროვნული პარკი გაფართოებას, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და ბუნების ძეგლების დაარსებას გეგმავს. ამას „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.

უფრო დეტალურად, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების შედეგად: რაჭის ეროვნული პარკის ფართობი იზრდება 4759 ჰექტრით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ხარჯზე. ასევე ამბროლაურის და ონის მინიციპალიტეტში იქმნება ხუთი ბუნების ძეგლი: საკიშორის მღვიმის, შარეულას მღვიმის, უშოლთის მღვიმის, მურადის მღვიმის და კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლები, რომლებსაც მართავს რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია. ამასთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იქმნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50 240,4 ჰექტარზე, რომელსაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის/გაფართოვების შესაძლებლობის კვლევით მიღებული შედეგებით.

"2024 წელს BMZ/KFW მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელს განხორციელდა რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის მდგრადი მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება. კერძოდ, რაჭის ეროვნული პარკის გაფართოვება და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და ბუნების ძეგლების დაარსება",- წერია განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ფინანსური ასპექტებს, 2026 წელს, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 214 860 ლარი, რაც მთლიანად დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებისგან. მომდევნო სამ წელიწადში (2027-2029 წწ) დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფენ დონორი ორგანიზაციები. რაც შეეხება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას, ბიუჯეტიდან 2026 – 2029 წლებში ჯამში დაახლოებით 1 947 043 ლარი გამოიყოფა. კერძოდ, 2026 წელს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს 694 532 ლარი. ხოლო მომდევნო სამ წელიწადში (2027-2029 წწ), ყოველწლიურად, ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება შემდეგი თანხების გამოყოფა: 2027 წელი – 467 482 ლარი, 2028 წელი – 390 727 ლარი, 2029 წელი – 394 302 ლარი).

დოკუმენტში ასევე წერია, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარებით 2027 წლის ბოლომდე ჩატარდება რაჭის ეროვნული პარკის დემარკაცია, რომელიც ზედდების შემთხვევაში გამიჯნავს ეროვნული პარკის საზღვრებს მოსახლეობის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ტერიტორიებიდან.

ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები