მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დემარკაციის შედეგად დაზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, განისაზღვრება საზღვრებში მოხვედრილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოების საკითხი მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

„რაჭის დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტება არის მნიშვნელოვანი პროცესი. დაცული ტერიტორიების შექმნა, პირველ რიგში, ბუნების დაცვას ემსახურება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის ის საჭიროებები და ინტერესები, რაც დღეს არსებობს“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი ახლად დაარსებული დაცული ტერიტორიაა, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 50 835 ჰექტარს შეადგენს. იგი 2022 წელს შეიქმნა.

2022 წლის ბოლოს დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებდა, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად რეგიონი მიიღებდა ეკონომიკურ სარგებელს.

"ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.

აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას", - წერდა მაშინ დაცული ტერიტორიების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები