რაჭის კურორტების განვითარების მიზნით სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მზად. როგორც Bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ამ დოკუმენტაციაზე ორი კომპანია ,,გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“ და შპს ,,არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩიეს. ორივე კომპანია ადგილობრივია.
"გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესის და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას მოამზადებს.
შპს ,,არტსტუდიო პროექტი“ კი, დოკუმენტაციას ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერა, მრავალძალისა და კურორტ შოვისთვის შეიმუშავებს.
სამუშაოები ოთხ ეტაპს მოიცავს, ესენია:
1. წინასაპროექტო კვლევები, კონცეფციის ჩამოყალიბება;
2. უშუალოდ პირველი ეტაპის საფუძველზე გეგმარებითი დავალების ჩამოყალიბება, რომელსაც კონკრეტული მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს;
3. კონკრეტული მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება და ჩამოთვლილი სოფლების განვითარების გეგმითი კონცეფციები;
4. ჩამოთვლილი სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება.
სამუშაოები უკვე მესამე ეტაპზეა და როგორც აბროლაურის, ისე ონის მუნიციპალიტეტების მიმართ 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
აღნიშნულ დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფის მიზნით კონკურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა.

























