გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა - აღნიშნულის თაობაზე განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო. თუმცა, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, კომპანიამ ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, რის გამოც გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი დადგა დღის წესრიგში.
"გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა.
კომპანიის "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში.
რაჭის ტყის პროექტის განვითარების შეჩერების შესახებ BMG-ის თავად დავით ხიდაშელიც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები მის ინვესტიციებს ხელგაშლილი ელიან.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, - წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის პირობიანი აუქციონის გზით გადასცა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასი 1 151 832 ლარს შეადგენდა. კომპანიამ კონკურსში გამარჯვებით აიღო ვალდებულება პროექტის განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი ჩაედო.