შპს "რაჭული ლორის" მიერ წარმოებული პროდუქცია თბილისში სავაჭრო ქსელში შეაქვთ. კომპანიამ, რომლის კუთვნილი საწარმოც ამბროლაურში მდებარეობს, წარმოება სამი თვეა დაიწყო, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, როსტომ კობახიძემ განუცხადა.
"ჯერ-ჯერობით ორი სახეობის რაჭული ლორი გვაქვს, ძვლიანი და უძვლო ნაჭრები, რომელსაც ვაკუუმ პაკეტებში ვაფასოებთ. პროდუქცია "გუდვილში“ შევიტანეთ, ამჟამად "ფრესკოს" ქსელი და რამდენიმე რესტორანი მარაგდება. ერთი თვის განმავლობაში სარეალიზაციო არეალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენი პროდუქცია ბრენდით "რაჭული კომპანია რკო" იყიდება და მისი გასაყიდი ფასი ქარხნიდან 30 ლარია (კილოგრამის).
ახლო მომავალში ნახევარფაბრიკატების დამზადებასაც დავიწყებთ, ეს იქნება: კუპატი, აფხაზურა, კატლეტი, უფრო მოგვიანებით სოსისების წარმოებასაც ვგეგმავთ", - განაცხადა როსტომ კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, პროდუქციას ადგილობრივი ნედლეულით ამზადებენ. ღორის ხორცს მოსახლებისგან იბარებენ, კერძოდ რაჭიდან და ზემო იმერეთიდან. მისივე თქმით, მთავრი მოთხოვნა, რასაც გლეხებს უყენებენ, არის ის, რომ ღორი გაშვებული უნდა იზრდებოდეს. კომპანია წელიწადში 10 ტონა ლორის წარმოებას გეგმავს, რაც 25 ტონა ხორცის გადამუშავებით მიიღება.
"ლორის დამზადების ტექნოლოგია გლეხების დახმარებით შევიმუშავეთ. ეს არის მამა-პაპური ტრადიციული ტექნოლოგია, რომელიც წარმოებაში გადავიტანეთ. შებოლვის მეთოდია ცოტა განსხვავებული, ჩვენი ბოლი იფილტრება და ხორცი შებოლვისას არ შავდება, როგორც ეს ოჯახურ მეურნეობაში დამზადებისას ხდება, დანარჩენი ყველაფერი ანალოგიურია.
სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც ვაპირებთ, ამისთვს საწარმოში ISO 22 000-სს ვნერგავთ, რომელიც ერთ თვეში გვექნება. ამასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის დახმარებით ვაკეთებთ. კერძოდ 50%-ს - USAID, 30%-ს სოფლის მეურნებობის სამინისტრო, 20%-ს კი ჩვენ ვაფინანსებთ", - განაცხადა როსტომ კობახიძემ.
შპს "რაჭული ლორის" საწარმოში 350 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 40% სოფლის მეურნეობის სააგენტოს გრანტია, 10% დამფუძნებლების შენატანია, ხოლო 50% "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა. საწარმო ოთხი ადამიანის კერძო საკუთრებაა.