დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური აკადემია „რაციო“ ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და აუდიტორების ბაზას ქმნის. საქმე ისაა, რომ „რაციო“ ფინანსური აკადემიაა, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
როგორც bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ნანა ახალაია ამბობს, „რაციოს“ სასერტიფიკატო კურსები და ტრენინგები შექმნილია და სრულად მორგებულია საქართველოში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
„სასწავლო კურსის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები იღებენ შესაბამის პროფესიულ განათლებას ფინანსური და საგადასახდო მიმართულებით, ზრდიან საკუთარ კვალიფიკაციას და ხდებიან უკეთესო პროფესიონალები. მაშინ როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, ბიზნესი კი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩივის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მძლავრი შესაძლებლობა ფინანსური განათლების ხელშეწყობაში მდგომარეობს.
სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან აქტიური მოთხოვნაა ფინანსურ დეპარტამენტში მომუშავე კვალიფიციურ კადრებზე. ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა სწორად განსაზღვროს საბაზისო მოთხოვნები, HR-ისთვის კი რთულია შეაფასოს ბუღალტრის კომპეტენცია, ამიტომ „რაციოში“ შექმნილი კურსდამთავრებული ბუღალტრების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერებისა და აუდიტორების ბაზა დაეხმარება ბიზნესს კადრების მარტივად მოძიებაში, ხოლო „რაციოს“ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში“, - ამბობს ნანა ახალაია.
მისივე თქმით, აქტიურ მოლაპარაკებები აწარმოებენ დამსაქმებლებთანაც.
„უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიასთან, HR გაერთიანებებთან, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებთან, რომლებსაც გავუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და დავეხმარებით კომპანიის მოთხოვნების შესაბამისი თანამშრომლის შერჩევაში. ბიზნესისთვის ბუღალტრის და ფინანსისტის შერჩევა ბევრად მარტივი გახდება, რადგან კომპანიებს მივაწვდით ჩვენს მიერ გადამზადებული ბუღალტრების, მთავარი ბუღალტრების, ფინანსური მენეჯერების, აუდიტორების მონაცემთა ბაზას, სადაც ასახული იქნება კურსის დასრულების შემდეგ ტესტირებით მიღებული შედეგები და ტრენერთა რეკომენდაციები. პროფესიული მონაცემების საფუძველზე კი კომპანია გაცილებით მარტივად შეძლებს მისთვის შესაფერისი და საჭირო კადრის შერჩევას’’, - აღნიშნა ნანა ახალაიამ.