მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რადიო თავისუფლება" საქართველოს მიერ EU-სთვის გაგზავნილ პასუხს გაეცნო - საკითხი უვიზო მიმოსვლას ეხება

ევროკავშირი

"რადიო თავისუფლებამ" ბრიუსელში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში მოიპოვა. როგორც გამოცემა წერს, წერილში დიპლომატი ამტკიცებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“.

რას სწერს საქართველოს ელჩი ევროკომისიას? - "რადიო თავისუფლებამ" წერილი მოიპოვა

მახარობლიშვილის ადრესატია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელი, ბეატე გმინდერი, რომელსაცდ დიპლომატი სწერს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების ერთგულად შესრულების გარდა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი დამატებითი ინიციატივა“, რომლებიც „კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმებთან ერთად, აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებით“.

რაც შეეხება ანგარიშს, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მასში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან:

„განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით“.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები რამდენიმე საერთაშორისო - მათ შორის ნაკლებად ცნობილ - ინდექსსა თუ კვლევის რეიტინგებში „დადებით შედეგებს“ აღნიშნავენ.

NGO-ებისა და "ფარას" კანონთან დაკავშირებით კი, "რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნულია:

  • „გულწრფელი არასამთავრობო ორგანიზაციები“ - „FARA-ს“ მიღება საჭირო გახდა, რათა „გულწრფელი NGO-ები დაგვეცვა“ და მათ სახელმწიფო „აქტიურად დაუჭერს მხარს და ითანამშრომლებს მათთანო“;
  • „ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები“ - „ელიტური NGO-ები არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში“ და ამიტომ გახდა „FARA-ს“ მიღება საჭიროო;

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენული უფლება, დაარეგულიროს საშინაო საქმეები“ - ასე ასაბუთებს ანგარიში „აგენტების კანონსა“ (ფორმალურად - „გამჭვირვალობის კანონის“) და ჰომოფობიურ კანონს (ფორმალურად - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს“).

ამასთან, "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა, - რომელიც ამ საკითხზე ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა გამოცემას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, - თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ „პასუხები დაუსაბუთებელია“.

„მათ არ უპასუხიათ ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე“, - ამბობს წყარო.

„მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს“, - ამბობს ის და დასძენს, რომ წერილი ვერ უპასუხებს ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას.

ცნობისთვის, 2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები