„კოლიერსის“ კონსალტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რადიოქალაქის პროექტის ავტორის ლევან გვარამაძის ინფორმაციით, მუხიანში მრავალფუნქციური გასართობი სივრცის განვითარებას და სრულად დატვირთვას, დაახლოებით, სამი წელი დასჭირდება.
ამის შესახებ მან BM.GE-ს კერძო სექტორისთვის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დაგეგმილია, რომ პროექტის განხორციელებიდან მესამე წელს ეს ტერიტორია მოიჯარეებით ბოლომდე შეივსება, ინვესტიციას კი, ოპერირებიდან ექვსი წლის თავზე ამოიღებს, ანუ ხარჯებს დაფარავს. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, ჩვენი გათვლებით, ცენტრს დღეში დაახლოებით, 5000 ვიზიტორი ეყოლება, რაც წელიწადში ორ მილიონს უდრის. როგორც მოგეხსენებათ, ეს გასართობი ობიექტია და ამიტომ დატვირთვის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია“, - განაცხადა ლევან გვარამაძემ.
მან ასევე, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე სატრანსპორტო სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ კვანძის სატრანსპორტო სქემის შეცვლა დიდი გამოწვევა არ არის, რადგან თვითონ ეს კვანძი არა ძალიან დატვირთული, შესაბამისად, აქცენტი მუნიციპალური ტრანსპორტის წვდომაზე გაკეთდა. შატლის დანიშვნის რეკომენდაცია გვაქვს პროექტში მოცემული, რომელიც მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ამ გასართობ ცენტრამდე მიიყვანს“, - აღნიშნა მან.
პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერ ფინანსურ მაჩვენებლებს დეტალურად გაეცნობიან და შემდეგ გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას განხორციელების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ რადიოქალაქის პროექტის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარია და მერია მისი განხორციელებისთვის ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს.

























