მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რადისონ ბლუ ტელეგრაფის, რადიოსნ ბლუ წინანდალის და ვარდების მოედანზე გასართობი კომპლექსის მშენებლობას კარლსონ რეზიდორი გადაიბარებს

58465e7e26abc
BM.GE
06.12.16 10:44
3707
თბილისს „Rezidor Hotel Group“-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ვოლფგანგ ნოიმანი ესტუმრება. ვიზიტის მიზანი სილქ როუდ ჯგუფის მიერ წამოწყებული ახალი პროექტების გაცნობა და სამომავლო სტრატეგიების განხილვაა. რადისონ ბლუ ტელეგრაფი, რადიოსნ ბლუ წინანდალი და ვარდების მოედანზე მშენებარე ახალი გასართობი კომპლექსი, სილქროუდ ჯგუფის სწორედ ის პროექტებია, რომლის მენეჯმენტსაც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროთა ქსელის მფლობელი კომპანია - კარლსონ რეზიდორი გადაიბარებს.

თბილისში მდებარე პრექტების მონახულების შემდგეგ, ვოლფგანგ ნოიმანი სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელ გიორგი რამიშვილთან ერთად ესტუმრება წინანდალში მშენებარე სასტუმროს რადისონ ბლუ და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გიორგი ლეონიძის მემორიალური გამოფენის გახსნას დაესწრება. 1946 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის მოთავე სწორედ მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლეონიძე იყო.

სილქ როუდ ჯგუფის მიერ წინანდლის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით ხდება. ამჟამად მშენებლობის პროცესში მყოფი სასტუმრო რადისონ ბლუ წინანდალი - მოიცავს სილქ როუდ ჯგუფის მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობას, 140 სასტუმრო ნომრით, სადაც ასევე იქნება გარე საცურაო აუზი, სპა, ღვინის ქარხანა, რესტორანი, შეხვედრების ოთახი, ბარი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზი და ღვინის სადეგუსტაციო ზონა. მთლიანი სამშენებლო ფართი დაახლოებით 18 000 კვ.მ.-ია. პროექტის დასრულების სავარაუდო დრო - 2018 წლის გაზაფხული.

ფოსტის და ტელეგრაფის ყოფილი შენობის სრული რეკონსტრუქციის შედეგად 190 ნომრიან სასტუმრო რედისონ ბლუ ტელეგრაფს მივიღებთ. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზ კლუბი, ლობი, რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები იქნება. დანარჩენი სათულები კი სპორტულ დარბაზს და სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახებს დაეთმობა. პროექტის დასრულების სავარაუდო დრო - 2018 წლის გაზაფხული.

რადისონ ბლუ ივერიას და კაფე ივერიას მოპირდაპირე მხარეს, ვარდების რევოლუციის მოედანზე განთავსებული ოთხსართულიანი ნაგებობა არასაცხოვრებელი გასართობი კომპლექსია. გასართობი ცენტრი მოიცავს რამდენიმე რესტორანს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს. აღსანიშნავია რომ, რესტორნების ინტერიერის დიზაინზე ცნობილი ფრანგული კომპანია Gilles&Boissier მუშაობს. პროექტი კი 2017 წლის მაისში დასრულდება.

ამჟამად, საქართველოში კარლსონ რეზიდორ ჯგუფის მენეჯმენტის ქვეშ იმყოფება 2 სასტუმრო: რადისონ ბლუ ივერია, თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი. ზემოთ აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, საქართველოში სასტუმროების ქსელი რადისონ ბლუ მომხმარებელს 747 ოთახს შესთავაზებს. მსოფლიო მასშტაბით იგი აერთიანებს 1400-ზე მეტ სასტუმროს 115 ქვეყანაში. მათ სიაში ისეთი ცნობილი სასტუმროს ბრენდებია როგორებიცაა: Radisson Blu, Quorvus collection, Radisson Red, Radisson, Park plaza, Park Inn By Radisson, Country Inns & Suites By CarlsonSM.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები