5 ნოემბერს, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ვარდნის უკიდურესად მკვეთრი დინამიკა დაფიქსირდა, რომელმაც განსაკუთრებით ტექნოლოგიური კომპანიები და ნახევარგამტარების მწარმოებლები დააზარალა. Nasdaq-მა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სავაჭრო სესია დაასრულა, ხოლო საფონდო ბაზრიდან რამდენიმე საათში ტრილიონობით დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია გაქრა.
კერძოდ, ერთ დღეში Nasdaq-100 ინდექსი დაახლოებით 6.4%-ით დაეცა, რაც 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე ცუდი დღიური შედეგია. S&P 500-ის მაჩვენებელი 4.4%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი დაახლოებით 3.5%-ით დაეცა.
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მდგომარეობა ნახევარგამტარების სექტორში. Semiconductor Index ერთ დღეში დაახლოებით 12%-ით შემცირდა, რაც მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღიური ვარდნაა. დაღმასვლის მიმართულებით ანტილიდერები Nvidia, Micron, SanDisk, Marvell, AMD, CoreWeave, Tesla და SpaceX იყვნენ.
საერთო ჯამში, ერთ დღეში ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო ღირებულებიდან დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი გაქრა, ხოლო ვოლატილობის ინდექსი 58%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფონდო ბაზარზე ექსტრემალურმა შიშმა დაისადგურა.
ბაზრის ვარდნის მთავარი კატალიზატორი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ, მათ კონგრესის ორივე პალატასა და რამდენიმე შტატის არჩევნებში ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს, რამაც ტექნოლოგიური სექტორის მიმართ რეგულაციების გამკაცრების მოლოდინი გააჩინა.
განსაკუთრებული ყურადღება ტეხასმა მიიპყრო, რომელიც მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰაბია. შტატში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ახორციელებენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: Google, Nvidia, Microsoft, Meta, Oracle და OpenAI. ტეხასის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯინა ინოჰოსას გამარჯვებამ ინვესტორებში შეშფოთება გამოიწვია. მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადება და გარკვეული საგადასახადო შეღავათების გაუქმება იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ის ყველაფერს იზამდა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პროცესის შესაფერხებლად, რაც, როგორც ჩანს, მოსახლეობის უმრავლეობის რეალური მოთხოვნაა.
პრობლემა მხოლოდ ტეხასს არ უკავშირდება. აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტად აპროტესტებს მონაცემთა ცენტრების მშენებლობას, ძირითადად ელექტროენერგიისა და წყლის გაზრდილი მოხმარების, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების, ხმაურისა და მიწის რესურსების გამოყენების გამო.
ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი რისკია, რადგან მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეფერხება ნიშნავს AI-ინფრასტრუქტურის მიმართულები ინვესტიციების შენელებას. შესაბამისად, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ მშენებლობის პროცესს, არამედ ჩიპების, სერვერებისა და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების სამომავლო შემოსავლებსაც.
მართალია, არჩევნები ამ ვარდნის უშუალო საბაბი გახდა, თუმცა ბაზარზე პრობლემები მანამდეც გროვდებოდა. ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი საფონდო ბაზრის ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მონაცემთა ცენტრების, სერვერებისა და ჩიპების წარმოებისთვის ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციები გაიღეს.
თუმცა, ამის ფონზე, უოლ-სტრიტზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: შეძლებენ თუ არა კომპანიები ამ ინვესტიციების დროულად ამოღებას და ხელოვნური ინტელექტით რეალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას?
მონაცემთა ცენტრების მშენებლობა უზარმაზარ კაპიტალს, ენერგეტიკულ რესურსებსა და ხანგრძლივ დაგეგმვას მოითხოვს. თუ პროექტების განხორციელება შეფერხდება ან ხელოვნური ინტელექტის კომერციალიზაცია მოსალოდნელზე ნელა განვითარდება, კომპანიებს ინვესტირებული კაპიტალის ამოღებისთვის მეტი დრო დასჭირდებათ, ეს კი დიდი რისკია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე მოვლენები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ჩამოშლას. მთავარი გაურკვევლობა ის არის, რამდენად გადაიქცევა საარჩევნო დაპირებები რეალურ პოლიტიკურ და საკანონმდებლო შეზღუდვებად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპია, რომელიც პირობას დებს, რომ ყველა ანტი-AI კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს.
აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის ეკონომიკური ზრდა, უმეტესწილად, სწორედ ტექნოლოგიურ სექტორზეა დამოკიდებული. ამერიკელების დანაზოგების უდიდესი ნაწილი S&P 500-ში და Nasdaq-შია ინვესტირებული და რაც მთავარია, ტექნოლოგიური გიგანტები უსხვილესი დამსაქმებლები და ბიუჯეტში გადასახადების შემტანები არიან. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია ისეთი მომავალი, სადაც კონგრესი თავად ზღუდავს ქვეყნის ეკონომიკურ და საფონდო ზრდას – ეს მოცემულობა იმდენად მიუღებელი იქნება ამერიკელებისთვის, რომ მას, წესით, ყველა ის პოლიტიკოსი შეეწირება, რომელიც ამ ინიციატივას დაუჭერს მხარს.
საერთო ჯამში, გასული დღეების ვარდნა უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტის სექტორში დაგროვილი გადაჭარბებული მოლოდინების, ლევერიჯის და პოლიტიკური რისკების გადაფასებას ჰგავს, ვიდრე თავად ტექნოლოგიის გრძელვადიანი პერსპექტივების ჩამოშლას. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით ერთ კვირაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა – ის ისევ რჩება საუკუნის მთავარ ტექნოლოგიურ ინოვაციად, საფონდო ბირჟას კი მერყეობა ახასიათებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინვესტორებს დიდი პოლიტიკური ცვლილებების ეშინიათ.
























