რამ გამოიწვია "ჯეოსელის" ქსელის შეფერხება? – კომპანია ხარვეზებზე მუშაობს
BM.GE
02.02.19 18:45
• 2973
"სილქნეტი" "ჯეოსელის" ქსელში სისტემური ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანია განმარტავს, 25 თებერვალს განხორციელებული სამუშაოების გამო, რაც ახალ საბილინგო პროგრამაზე გადასვლას გულისხმობს, მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს შეფერხებები ჰქონდა.
"სამუშაოების დაწყებიდანვე, ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შექმნოდათ სერვისით სარგებლობისას. ვინაიდან, ეს პროცესი, თავისი კომპლექსურებიდან გამომდინარე, მასშტაბურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, სამწუხაროდ, ჰქონდა შეფერხებები: ახალ სისტემაზე გადასვლის შემდგომ დღეებში, მათ ვერ შეძლეს სერვისის გააქტიურება და რიგ შემთხვევებში, ვერ ხერხდებოდა ჩარიცხული თანხების სწორად ასახვა ნომრის ანგარიშზე. ჩვენ ვწუხვართ, რომ ამის გამო აბონენტებს შეექმნათ შეფერხება თავიანთ საქმიანობაში. ამ დღეების განმავლობაში კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა ეს შემთხვევა იქნას შესწავლილი და გამოსწორებული", – განმარტავენ "სილქნეტში".
ამასთან, კომპანია ირწმუნება, რომ ხარვეზის უდიდესი ნაწილი აღმოფხვრილია და მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდული სერვისების გააქტიურება და არასწორად დარიცხული/ჩამოჭრილი თანხების კორექტირება.
გარდა ამისა, "ჯეოსელის" ყველა იმ აბონენტს, რომლებსაც ჰქონდათ ზემოთ აღნიშნული შეფერხება, უახლოეს მომავალში, "სილქნეტი" 5 გიგაბაიტ ინტერნეტს საჩუქრად ჩაურიცხავს.