2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეგისტრირებული 15 კომერციული ბანკიდან შვიდში მოგების მაჩვენებელი შემცირდა. ჯამურად წლის პირველ 6 თვეში ქართულმა ბანკებმა მოგების სახით 367,667,227 ლარი გამოიმუშავეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41,426,672 ლარით ანუ 10%-ით ნაკლებია.
BMG-სთან საუბარში, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ თითოეული ბანკის შემთხვევაში წმინდა მოგების შემცირება სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, ხოლო ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილება ჯერ-ჯერობით ამ შემცირებაში მთავარი წარმმართველი ვერ იქნებოდა. ძნელაძის თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის მოქმედება ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებში უფრო მეტად 1-1.5 წლის შემდეგ აისახება.
“ნებისმიერი ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ რეგულაციაზე, მაგრამ ასე მოკლევადიან პერიოდში ეჭვი მეპარება რომ მოგებაზე მოეხდინა ასახვა. სესხის გაცემაზე ასე პირდაპირ არ აისახება ეს რეგულაცია იმის მიუხედავად, რომ რეგულაცია შევიდა ძალაში და მის შედეგად, კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ მიიღეს სესხი.
ეს უფრო მეტად აისახება 1-1.5 წელში. რაც შეეხება უშუალოდ შემცირებას, ეს ბევრმა სხვა ფაქტორმა გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი არის ვალუტის კურსიც. კონკრეტულ ბანკში ეს არის რეზერვების ფონდის გაზრდა, არის ლარიზაციის პროექტის ფაქტორი, რომელიც აისახებოდა, არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ზღვრის დაწევის ფაქტორი. რეგულაციების ეფექტს ვნახავთ საკმაოდ გვიან,”- ამბობს ძნელაძე.
ბანკების ფინანსური შედეგები
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ 6 თვეში ქართული ბანკების მთლიანი შემოსავლები 6.3%-ით გაიზარდა და მან 2,099,149,000 ლარი შეადგინა. მათ შორის ზრდა დაფიქსირდა როგორც - ფიზიკური, ასევე იურიდული პირების მიერ გადახდილ საპროცენტო ხარჯებში. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკურმა პირებმა სესხის მომსახურების სახით, 950,169,000 ლარი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტია, იურიდიული პირების სასესხო ხარჯი კი, ამავე პერიოდში 544,377,000 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.
ასევე, ზრდა ფიქსირდება ჯარიმების და საურავების აკრეფით მიღებულ ფინანსებში (48,023,000 ლარი, ზრდა 23%) და ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან განხორციელებულ ოპერაციებში (135,967,000 ლარი, ზრდა 28%).
თუმცა, ბანკებს მთლიანობაში შემოსავლებზე უფრო მაღალი ტემპით ხარჯები გაეზარდათ. მათ შორის მოქალაქეთა მიერ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე სარგებელის სახით ბანკებმა 411,348,000 ლარი დაარიცხეს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. სხვა სახის საპროცენტო ხარჯები კი, 94,106,000 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 55%-ით მეტი იყო.
ადმინისტრაციული, საოფისე და საექსპლოატაციო, ასევე სხვა სახის არასაპროცენტო ხარჯებისთვის ბანკებმა 639,411,000 ლარი გაიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 12%-ით მეტია.
აქტივების დანაკარგით გამოწვეული შესაძლო ზარალის სახით, ქართულმა ბანკებმა 259,362,000 ლარი აღრიცხეს რაც წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტია. მთლიანობაში მოგებამ დაბეგვრამდე - 408 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი, 360 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით გადახდილი თანხა - 38 მილიონს, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯები კი, 9.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

























