მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნის ზრდა?

63d915f85d16e
თინათინ ნატმელაძე
05.02.23 16:00
2495
ქაღალდის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიის, „ჯორჯიან ფექეჯინგის“ გენერალური დირექტორი, ვერონიკა გოგოხია BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ჯერ კოვიდ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად იმპორტის თანმდევი პროცესების გართულებამ განაპირობა.

„მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან ფექეჯინგი“ შეიქმნა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებლები ჩვენი პროდუქციის ხარისხსა და იმ უპირატესობებში დავარწმუნოთ, რაც მის შეძენას თან ახლავს, იქნება ეს ტრანსპორტირების ხარჯი თუ ლოჯისტიკური გამოწვევები.

ქართული წარმოების პროდუქტზე მოთხოვნა ჯერ კიდევ კოვიდის პერიოდში გაიზარდა, როდესაც ჩინეთის და ზოგადად აზიის ბაზარი სახიფათო გახდა, ამას კი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაემატა.

ცნობილი მიზეზების გამო, უკრაინას წარმოების შეწყვეტა მოუწია, რუსეთს კი საერთაშორისო მიმწოდებელმა კომპანიებმა სანქციები დაუწესეს, შესაბამისად, იმპორტის წილი კიდევ უფრო შემცირდა.

ცხადია, კიდევ ერთი მიზეზი საქართველოში მიგრანტების რაოდენობის გაზრდაც იყო, რომელმაც თავის მხრივ რესტორნებისა და სხვადასხვა ობიექტების ბრუნვა გაზარდა და საერთო ჯამში, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ჩვენი პროდუქციაც ბევრად უფრო მოთხოვნადი გახდა.“ - განაცხადა ვერონიკა გოგოხიამ.

კითხვაზე, ამ ეტაპისთვის რა რაოდენობითაა იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლებული, „ჯორჯიან ფექეჯინგის“ გენერალური დირექტორი გვპასუხობს, რომ ბაზარზე მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტის არსებობის გამო 100%-ით ჩანაცვლება ვერ ხერხდება.

„ქართულ ბაზარზე არსებობს ისეთი სეგმენტი, რომლებიც ევროპული სტანდარტების, სხვა საფასო კატეგორიისა და ხარისხის შესაფუთ მასალებს მოიხმარენ, ეს ბრენდები არიან „მაკდონალდსი“, „კოკა-კოლა“, „ვენდისი“, „დანკინ დონატსი“ და ა.შ. შესაბამისად, სრულად ჩანაცვლება ვერ ხერხდება, თუმცა ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა სახის პროდუქტს მოიხმარენ.“ - განმარტავს ვერონიკა გოგოხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები