„ფულის მკეთებლად არ უნდა გადავიქცეთ, ფულის კეთება შესაძლებელი იქნება მერეც, თუ სისტემის ნაწილი გახდები, ვინაიდან რუსეთშიც აკეთებენ ფულს. ნამდვილი ბიზნესის შენება კი შეუძლებელი გახდება“ – ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ BMGTV-ის სპეცეთერში განაცხადა, სადაც ბიზნესები მსჯელობენ, როგორ მივიდა ქვეყანა შექმნილ ვითარებამდე და სად არის გამოსავალი.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც საჭიროა სიმამაცე და ბევრი გაბედული ადამიანი.
„გამოსავლისთვის მთავარი ალბათ არის სიტუაციის ჩაცხრობა და კონსენსუსი. ამისთვის გარკვეულმა ადამიანების ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორ? ალბათ უნდა დაინახოს რაღაც ძალა, რომ წავიდეს კომპრომისზე. ეს ძალა უნდა იყოს მათ შორის ბიზნესმენები და საზოგადოება. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ, გაბედული ადამიანები გვჭირდება. ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ სიმამაცე და წინა პლანზე წამოვწიოთ, ვინაიდან ყველა ბიზნესი უკან დაგვრჩება“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.
როგორც „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა აღნიშნა, ბიზნესს ადამიანები აკეთებენ და პირველი კითხვა უნდა იყოს, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრება, ხოლო როგორ მიდის ბიზნესი - უკვე მეორეხარისხოვანია.
„ვუყურებთ კადრებს, რა ხდება ბოლო პერიოდში, სიძულვილი, შიში.. თუმცა ძალიან კარგია რომ ბევრი გაბედული ადამიანი ქუჩაში გამოდის. აქაც გაბედული ადამიანები სხედან [სტუდიაში]. ეს კარგია.
რამ მიგვიყვანა აქამდე? - ალბათ იმან, რომ ვიყავით გაჩუმებულები, ჩვენში ეს საბჭოთა მენტალიტეტი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ ვთვლით, რომ ვიღაც ზემოთ იქნება და ჩვენ თუ ჩვენი ადგილი გვეცოდინება, ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი. ამას მიგვაჩვიეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ბიზნესი ყველაზე ადვილად დასაჩაგრად და მოწყვლად ჯგუფად იქცა. ეს ყველაში გამჯდარია, რომ ხმა არ უნდა ამოიღო და არ უნდა გააპროტესტო, მოქალაქეობრივი პოზიცია არ უნდა დააფიქსირო.
გამოსავალი, ჩემი აზრით, არის ის, რომ, პირველ რიგში, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თუ ჩვენ დღეს ყველა არ დავდექით რაღაც დონეზე, შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი. ამ ქვეყანაში საერთოდ ცხოვრებაც კი შეუძლებელი გახდეს. ჩვენს კომპანიაში ახალგაზრდები მუშაობენ და ყველა არის გაქცევაზე. დადიან აქციებზე, იბრძვიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, უნდა გავიქცეთო. ეს ძალიან დამთრგუნველია. მე ყველას ვემუშავები და ვეუბნები, რომ აქ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ რომ უკეთესი გარემო შევქმნათ“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.